27 დეკემბერი 2024,   01:38
ვრცლად
თბილისსა და კიევში სააკაშვილის საქმეზე 3 იანვარს იმსჯელებენ - ოპოზიცია პოლიტიკურ კავშირზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილს ბედს თბილისისა და კიევის სასამართლოები სამ იანვარს გადაწყვეტენ. ორივე პროცესი ერთსა და იმავე დღეს არის ჩანიშნული.

სამშობლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებისათვის სასჯელის შემცირების გამო ასამართლებენ.

სასჯელი მსჯავრდებულებს შეწყალების აქტით შეუმცირეს, შეწყალება პრეზიდენტის უფლებაა და კანონში არსად წერია, რომ მან ვინმეს უნდა შეუთანხმოს ან რაიმე გარემოება გაითვალისწინოს. მაშინ ჩნდება კითხვა, რას ედავება პროკურატურა.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების გვარები შეწყალების აქტში, სხვა 128 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, მოხვდა.

ოპოზიციას ეჭვი არ ეპარება, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელსაც სამართალთან არანაირი კავშირი არა აქვს.

ის, რომ საქმე სწორედ პოლიტიკურადაა მოტივირებული, ეჭვი არ ეპარება თავად მიხეილ სააკაშვილს. სწორედ ამის გამო, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და საკუთარ ადვოკატებს აცილება მისცა.

ადვოკატების აცილების შემდეგ საქმე საზოგადოებრივ დამცველს გადაეცა.

სახაზინო ადვოკატს მოსამართლე გიორგი არევაძემ 10-ტომიანი საქმისა და რამდენიმე ათეული დისკის გასაცნობად მხოლოდ ერთკვირიანი ვადა მისცა. სოფიო გოგოლიჩიძის მოთხოვნას ვადების გაგრძელების შესახებ კი საკმაოდ არაკორექტულად უპასუხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 3 იანვარს ჩაინიშნა.

იურისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ თბილისსა და უკრაინის სასამართლოებში სააკაშვილის საქმის განხილვის დღის დამთხვევა შემთხვევითობა არ არის და ამ პროცესებს შორის მჭიდრო პოლიტიკური კავშირია.

დღის ამბები