26 დეკემბერი 2024,   20:56
ვრცლად
თბილისი და ბაქო ახალი სკანდალის მოლოდინში - საქართველოს მთავრობას აზერბაიჯანთან ურთიერთობა ეძაბება

თბილისი და ბაქო ახალი სკანდალის მოლოდინში - საქართველოს მთავრობას აზერბაიჯანთან ურთიერთობა ეძაბება. გუშინ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის მილი-მეჯლისში მწვავედ გააკრიტიკეს.

ბაქოში ვერ გაიგეს, რატომ დათანხმდა  საქართველო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გავლით ტრანზიტული ტვირთების გატარებას, მითუმეტეს, როდესაც ეს ტვირთები შევა და გამოვა ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიაზე.

თბილისის ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გააბრაზა. აზერბაიჯანი, რომელმაც რუსეთის მიერ გაზსადენის აფეთქების შემდეგ საქართველო ყინვისგან იხსნა და ფორსმაჟორულ მდგომარეობაში გაზი მიაწოდა, ჩვენი ქვეყანის ხელისუფლებისგან განმარტებებს ელოდება.

კურიერთან გაკეთებულ განცხადებაში აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის წევრი, რასიმ მუსამბეკოვი, აცხადებს, რომ სამხედრო ტვირთების გატარებაზე თანხმობა უგუნური და საფრთხის შემცველი გადაწყვეტილება იქნება.

ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რუსეთთან ტვირთების გადაზიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება უნდა გასაჯაროვდეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე, აღნიშნავს, რომ აღნიშნული წინადადება, რასაც აზერბაიჯანული მხარის კრიტიკა მოჰყვა, პრემიერმა სწორედ პარლამენტში, ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრის დროს, გაახმოვანა.

„რეალურად საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა კაპიტულანტურ პოზიციას რუსეთთან მიმართებაში, რომელმაც საფრთხის ქვეშ დააყენა არა მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სტრატეგიული ინტერესები, არამედ საფრთხის ქვეშ დააყენა მთლიანად ქვეყნის სუვერენიტეტი,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე, აღნიშნავს, რომ ტვირთების გატარებამ საქართველოს სუვერენიტეტი არ უნდა დაარღვიოს და ლეგიტიმურ ფარგლებში უნდა მოექცეს.

„მთავარია, რომ ეს იყოს მოქცეული ლეგიტიმურ საზღვრებში ისე, რომ არ დაირღვეს საქართველოს სუვერენიტეტი და არ დაირღვეს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებული უფლება და ამავდროულად, არ დარჩეს ცალკე მთლიანად ეს რეგიონები და ისევე არ დარჩეს მოუწესრიგებელი ეს საზღვრები. ამიტომ, სწორედ ამ კუთხიდან უნდა შევხედოთ ამ პროცესს და არა ცალკეული ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე,“ - აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე. 

დღის ამბები