27 დეკემბერი 2024,   01:01
ვრცლად
2017 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები

პოლიტიკურად საკმაოდ აქტიური და დაძაბული წლის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება. სანამ 2018 წელი დადგება, 2017 წლის არქივს შემორჩენილი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენები ასეთია:

ე.წ. ციანიდის საქმე, რომლის შესახებაც მაყურებელმა პირველად რუსთავი2-გან გაიგო.

2017 წლის არქივში დარჩება ხანძარი ბორჯომში, რომლებმაც ტყის მასივის საკმაოდ დიდი ფართობი გაანადგურა და ხანძარი ბათუმში სასტუმრო ლეოგრანდში, რომელსაც 11 ადამიანის  სიცოცხლე შეეწირა.

ტრაგედიით დამთავრდა 51-ე სკოლის საპირფარეშოში მოზარდებს შორის დაწყებული ჩხუბი, რომელსაც სისხლიანი გარჩევა და ორი მოზარდის მკვლელობა მოჰყვა.  

საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველად გამოჩნდა ტერმინი „შაჰიდის ქამარი“. სპეცოპერაციას, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩაატარა და რომლის მიზანიც, ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, ტერორისტების განეიტრალება იყო, პანკისის ხეობაში დაკავებებით გაგრძელდა. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დღემდე არსებობს კითხვები.

კითხვები არსებობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეშიც, რომელიც ქართულ სპეცსამსახურებს მის გატაცებაში ადანაშაულებს.

გასული წლის ყველაზე ხმაურიანი დაკავებების დიდი ნაწილი ნარკოტიკების ჩადების თემას ეხება. სასამართლო პროცესები, უმეტეს შემთხვევაში, ბრალდებულების სასარგებლოდ დასრულდა.

ყურადღების ცენტრში იყო უკრაინაც, საიდანაც, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეობის გამო, საქართველოს ათობით მოქალაქე გამოადეპორტეს. დააკავეს თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტიც, რასაც კიევში მცხოვრები მოსახლეობის აღშფოთება და პროტესტი მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება.

ხმაურიანი გამოდგა საკონსტიტუციო რეფორმაც. მიღებული იქნა კონსტიტუცია, რომელსაც მხარი არც ოპოზიციამ და არც მესამე სექტორმა არ დაუჭირა.

წლის მოვლენებს შორის მოხვდა საკრებულოს სხდომა, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის 1 ლარად მიწის ფართების გადაცემა ოპოზიციამ გააპროტესტა. იყო ხმაური, როგორც  საკრებულოს შიგნით, ასევე გარეთ. სხდომიდან გამოაძევეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. ნაწილმა კი დარბაზი პროტესტის ნიშნად თავად დატოვა. ადგილი ჰქონდა პოლიციელებთან შეხლა- შემოხლას. დაკავებული იქნა რამდენიმე აქტივისტი. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქონება ბიძინა ივანიშვილს მაინც გადაეცა.

პოლიტიკურ მოვლენებს შორის თვითმმართველობის არჩევნებიც შევიდა. დედაქალაქის მერი კახი კალაძე გახდა.

2017 წლის მოვლენებს შორის იყო დასავლეთ საქართველოში ეკოლოგიური კრიზისი. ფაროსანას შემოსევამ რეგიონი მოსავლის გარეშე დატოვა. მასშტაბები იმდენად დიდი იყო, რომ ზარალი მილიონობით ლარს აღემატება.

წლის მოვლენებს შორის შევიდა ვიზალიბერალიზაცია. 2017 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ.

  

დღის ამბები