27 დეკემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ინდონეზია, ტაილანდი, ჩინეთი, ტაივანი, ფილიპინები, კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია - მსოფლიოს აღმოსავლეთ ქვეყნებში ახალი წელი უკვე იზეიმეს

2018 წლის დადგომამდე 3 საათზე ნაკლები რჩება, თუმცა მსოფლიოს აღმოსავლეთ ქვეყნებში უკვე პირველი იანვარია. ამ წუთებში ახალ წელს ინდონეზიასა და ტაილანდში ზეიმობენ. ერთი საათის წინ კი 2018 წელი ჩინეთში, ტაივანსა და ფილიპინებში აღნიშნეს.

ჰონგ კონგში საახალწლო შოუს ეპიცენტრი, ტრადიციულად, ვიქტორიას ნავსადგური იყო. 2017 წლის უკანასკნელი წამები სანაპიროზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა ერთად აითვალა, რის შემდეგაც ჰონგ კონგის ცა გრანდიოზულმა ფოიერვერკმა გაანათა. ფერადი სანახაობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

უკვე აითვალეს კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიაში. 

ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სანახაობა, ტრადიციულად, სიდნეიში გაიმართა. ახალი წლის დადგომისთანავე ქალაქის ცა ფოიერვერკმა გაანათა, რომელსაც ხშირად მსოფლიოში საუკეთესოსაც უწოდებენ.

შთამბეჭდავი შოუ, რომელიც წელს ყველაზე მასშტაბური იყო, 12 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ავსტრალიის ხელისუფლებას ის 7 მილიონი დოლარი დაუჯდა. 8 ტონა პიროტექნიკა, ტრადიციულად, დამონტაჟებული იყო სიდნეის ნავსადგურში, თაღოვან ხიდზე და ოპერის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. შოუს ნაწილი სიდნეიში დაბადებული მსახიობის, ჰიუ ჯეკმენის დაგეგმილი იყო. სანახაობას თვალს მილიონ 600 ათასი ადამიანი ადევნებდა.

გრანდიოზული ფოიერვერკით ახალი წლის აღნიშვნა კი პირველი ახალ ზელანდიაში დაიწყო. 2018 წლის პირველივე წამს ოკლენდის "სქაი ტაუერიდან" 3 ათასზე მეტი ფოიერვერკი გაუშვეს. მოეწყო ლაზერ შოუც, რომელიც 328 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენის გახსნის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. ორგანიზატორების განცხადებით, შოუს დროს ნახევარ ტონამდე პიროტექნიკა გამოიყენეს, სამზადისი კი 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალ ზელანდიამდე ახალი წელი წყნარი ოკეანის რამდენიმე კუნძულზე დადგა. პირველებმა ის სამოას, ტონგასა და კირიბატის რესპუბლიკის მოსახლეობამ იზეიმა. 

დღის ამბები