20 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
ირანში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

ირანში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქალაქ ისფაჰანში 9 ადამიანი დაიღუპა. 6 მომიტინგე პოლიციის შენობაში იარაღის საწყობის ძარცვის მცდელობისას მოკლეს. ორი ადამიანი, რომელთა შორის ერთი 11 წლის ბავშვია, ქუჩაში ძალოვანებთან შეტაკების დროს დაიღუპა.

ირანის მასშტაბით, ანტისამთავრობო გამოსვლები და ძალოვანებთან დაპირისპირება უკვე მეექვსე დღეა, გრძელდება. ხელისუფლებამ აქციები აკრძალა და ამტკიცებს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, 4 დღის განმავლობაში ძალოვანებმა არეულობის 450-მდე მონაწილე დააკავეს. დემონსტრაციები ფასების ზრდის გამო დაიწყო, თუმცა დარბევის შემდეგ ანტისამთავრობო ხასიათი მიიღო.

მოსახლეობა სახელისუფლებო წრეებში მყოფ სასულიერო პირებს კორუფციაში ადანაშაულებს და მათ გადადგომას ითხოვს.

ირანის პრეზიდენტი და სულიერი ლიდერი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და არეულობის პროვოცირებაში უცხო ქვეყნებს ადანაშაულებენ.

„ის, რაც ბოლო დღეებში ხდება საფრთხეა, მაგრამ ჩვენ ეს მოვლენები შესაძლებლობად უნდა გამოვიყენოთ. უნდა დავინახოთ რა არის პრობლემის მიზეზი. ქუჩაში მყოფი ყველა ადამიანი არ არის მომიტინგე. არ ვიცით, ვის აქვს ბრძანება სხვა ქვეყნიდან მიღებული, მაგრამ დემონსტრანტების ნაწილი ქუჩებში ნამდვილად გავიდა პრობლემების გამო. მათი პრობლემები არ არის მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის, ეს ხალხი არ ითხოვს მხოლოდ ფულს, პურს და წყალს. მათ სხვა მოთხოვნებიც აქვთ, ისინი ითხოვენ თავისუფალ გარემოს. ჩვენ ერთხელ უკვე მივაღწიეთ პოლიტიკურ წარმატებას - ბირთვული შეთანხმება არის ტრიუმფი. ამერიკელებს შეთახმების გაუქმება სურდათ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ რომ მსოფლიო ამის წინააღმდეგ წავიდა,“- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანმა.

განცხადება ირანის სულიერი ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმაც გააკეთა.

„მტერი მზად არის ამ შესაძლებლობის გამოყენებისთვის. შეხედეთ რა ხდება ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში. ყველა ვინც ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგია, ვისაც აქვს ფული, პოლიტიკა, იარაღი და დასაზვერვო აპარატი, ერთიანდება რომ ირანის ისლამურ რეჟიმს პრობლემები შეუქმნას. მე ბევრი მაქვს სათქმელი ხალხისთვის ამ მოვლენებთან დაკავშირებით და აუცილებლად დაველაპარაკები მათ - როდესაც უფლის ნებით შესაფერისი დრო დადგება,“- აღნიშნა აიათოლა ალი ჰამენეიმაც

 

დღის ამბები