გიორგი ლუკავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, 2017 წლის 25 დეკემბერს საქართველოსთვის გიორგი ლუკავას გადაცემა პატიმრების გაცვლის პროცესის ნაწილი იყო, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო.
რაულ ხაჯიმბას პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ლუკავა ქართული მხარის მიერ წარდგენილ სიაში იყო, თუმცა, იმ პერიოდში გადაცემის პროცესი შეჩერდა.
"შემდგომ, მისი და სამხრეთ ოსეთის მიერ გადაცემული კიდევ ერთი პატიმრის, გიუნაშვილის გაცვლა მოხდა რონალდ ჟიბაში, რომელიც იმალებოდა საქართველოში და ეჭვმიტანილია მკვლელობაში,“ - წერია საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი ლუკავას აფხაზეთში 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ლუკავა დრანდის ციხეში, თითქმის 7 წლის განმავლობაში იყო დატყვევებული. ის გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.