11 ოქტომბერი 2024,   22:50
ვრცლად
"დენის ტარიფის ზრდა კანონის დარღვევით მოხდა" - ენერგო ომბუდსმენი "სემეკის" წინააღმდეგ 

პირველი იანვრიდან ქვეყნის მოსახლეობისთვის დენის ტარიფის ზრდა კანონის დარღვევით მოხდა - აღნიშნულ განცხადებას, ყოფილი ენერგო ომბუდსმენი აკეთებს, რომელიც წლების განმავლობაში ტარიფის შემუშავების პროცესს აკვირდებოდა.

დავით ებრალიძის განცხადებით, "სემეკმა" დენის ღირებულება "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონის 43-ე მუხლის საფუძველზე გაზარდა და ის მომავალში გასაწევი ხარჯებით ახსნა. თუმცა, ებრალიძე ამბობს, რომ აღნიშნული უფლება კომისიას არ ჰქონდა.

ენერგო ომბუდსმენის ბრალდებებს დღეს "სემეკში" უპასუხეს. უწყებაში განმარტავენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ, დენის ახალი ტარიფი კი, ე.წ. წამახალისებელი მეთოდოლოგიით დათვალეს. კომისიის წევრის გოჩა შონიას თქმით, ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა საჭირო იყო, რათა ქვეყნას 24 საათიანი ელექტრომომარაგება ჰქონოდა.

ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი აუდიტორის დახმარებით გადაამოწმებს „თავისუფალი საქართველო“. „ლეიბორისტულ პარტიას" ტარიფების ზრდის გამო, სასამართლოებში უკვე 3 სარჩელი აქვს შეტანილი.

შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიციაც.

ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში "სემეკმა" გასულ კვირას მიიღო.

ავტორები: ნინო სამყურაშვილი, თამთა ჯიქია

დღის ამბები