15 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
საზარელი მკვლელობა აბაშაში - 48 წლის მამაკაცი დაბმული და სასტიკად ნაწამები იპოვეს 

საზარელი მკვლელობა აბაშაში. რამდენიმე დღით გაუჩინარებული 48 წლის რამინ საჯაიას ცხედარი მეზობლებმა საკუთარ სახლში, წებოვანი ლენტით დაბმული და სასტიკად ნაწამები იპოვეს. ოთახს ბრძოლის კვალიც ეტყობა და ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია.

რამინ საჯაია მეუღლესთან გაშორებული იყო და თავს ტაქსის მძღოლობით ირჩენდა. მეზობლებს და ოჯახის წევრებს მკვლელობის კონკრეტულ მოტივზე საუბარი უჭირთ. თუმცა, ძარცვა, შურისძიება და ოჯახური კონფლიქტი, მთავარი ვერსიებია, რომლებზეც ისინი საუბრობენ.

გარდაცვლილის ნათესავები და სოფლის მოსახლეობა, სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულების სასწრაფოდ დაკავებას და დასჯას მოითხოვს, ადგილობრივები ყვებიან, რომ სოფელში ყაჩაღური თავდასხმები ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა და საზარელი დანაშაულის მიზეზი, დაუსჯელობის სინდრომი გახდა.

სოფელ ნორიოში მომხდარი მკვლელობის შესახებ, ადგილობრივი პოლიცია კომენტარს არ აკეთებს. საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია. სამართალდამცველები, გარდაცვლილის მეზობლებს და ნათესავებს კითხავენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ემა გოგოხია.

დღის ამბები