06 ოქტომბერი 2024,   07:55
ვრცლად
ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - ვახტანგ მჭედლიშვილს სავარაუდოდ ანა დოლიძე შეცვლის 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რამდენიმე დღეში ახალი არამოსამართლე წევრი ეყოლება. პრეზიდენტმა ვახტანგ მჭედლიშვილის შემცვლელი უნდა დაასახელოს.

„კურიერის“ ინფორმაციით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ თანამდებობას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დაიკავებს, თუმცა ადმინისტრაციაში ოფიციალურ წარდგენამდე განმარტებები არ კეთდება.

ასევე „კურიერის“ ინფორმაციით, ანა დოლიძის გარდა, პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურებიც განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი დოლიძეზე შეჩერდა. 

ვახტანგ მჭედლიშვილის შემცვლელს ელოდებიან მისი კოლეგებიც, რომლებსაც პრეზიდენტთან კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ. სამოქალაქო სექტორი კი, პრეზიდენტს მოუწოდებს, მისი შემცვლელი კომპეტენტურობისა და პრინციპულობის მიხედვით შეარჩიოს. არასამთავრობოები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტის არჩევანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობის სტანდარტს გაზრდის.

ერთ-ერთი ბოლო კონკურსი, სადაც ანა დოლიძის კანდიდატურა განიხილეს, ევროსასამართლოს მოსამართლეობა იყო. მაშინ ის თეა წულუკიანის კომისიამ დაიწუნა. მოგვიანებით მმართველ გუნდთან დაპირისპირება პარლამენტშიც გაგრძელდა და მას ურთიერთობა პარლამენტის თავმჯდომარესთანაც დაეძაბა.

ვახტანგ მჭედლიშვილს 4 წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. პრეზიდენტმა საბჭოს მისი შემცვლელი, ერთი კვირით ადრე უნდა წარუდგინოს.

დღის ამბები