22 დეკემბერი 2024,   09:50
ვრცლად
საქართველო „გაზპრომისგან“ ბუნებრივ აირს 2018 წელს არ შეისყიდის - ოპოზიცია ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში იბარებს

საქართველო რუსეთის ენერგო გიგანტ „გაზპრომისგან“ ბუნებრივ აირს 2018 წელს არ შეისყიდის - ეს ეკონომიკის მინისტრის 28 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებაა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ ქვეყანა რუსეთისგან გაზის შესყიდვას ვერ შეძლებს და მთავრობას მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კამათი პარლამენტში ბიუროს სხდომაზე ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნას მოჰყვა. რომან გოცირიძის თქმით, ქვეყანამ მინიმუმ 80 მილიონი დოლარით იზარალა.

ოპოზიციის ბრალდებებს ეკონომიკის სამინისტროში უპასუხეს და რუსულ გაზზე უარი კომერციული მიზეზით ახსენეს. ქვეყანა გაზს წელს მხოლოდ აზერბაიჯანისგან შეისყიდის და ბუნებრივი აირის მიღება „სოკარისა“ და „შაჰ დენიზისგან“ მოხდება. სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულების გამო, ქვეყანამ 80 მილიონი დოლარით იზარალა.

„გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება ძალაში გასული წლის იანვარში შევიდა. ხელშეკრულების დეტალები საიდუმლოა და ცნობილია მხოლოდ ის რომ საქართველო მაშინ „გაზპრომს“ სომხეთში გაზის ტრანზიტის გატარების სანაცვლოდ არა ნატურით ბუნებრივი აირის, არამედ თანხას მიღებას დათანხმდა.

გაზპრომის ხელშეკრულებაზე კითხვები როგორც ოპოზიციას, ასევე, ექსპერტებსაც დაუგროვდათ.

ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებას ოპოზიცია ამ დრომდე ითხოვს და პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს ისევ იბარებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნაში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა და ხელშეკრულების დეტალების შესწავლასაც შედის.

ამავე თემაზე
დღის ამბები