22 დეკემბერი 2024,   09:31
ვრცლად
81 წლის ქალი რძალს ფიზიკურ ძალადობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს

81 წლის ტატო ცირდავა რძალს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მოხუცი ყვება, რომ ოჯახის წევრი სცემს და რამდენჯერმე მისი მოკვლაც სცადა. ოჯახური კონფლიქტი ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში უკვე 2 წელია, გრძელდება. მოხუცი ამტკიცებს, რომ რძალმა ერთხელ დანის დარტყმა, მეორედ კი დახრჩობა სცადა.

ტატო ცირდავა ყვება რომ ცემის გარდა რძალი მას სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებს და სუსტი ყოფაქცევის ქალად მოიხსენიებს. მოხუცი ამის გამო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. ოჯახური ძალადობის შესახებ მოხუცმა პოლიციასაც აცნობა, თუმცა ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მისი ინტერესების დაცვა ვერ შეძლეს.

ნინო ქუხილავამ ტელეკამერასთან საუბარი არ ისურვა. მხოლოდ განაცხადა, რომ მეუღლის მამიდა არასდროს უცემია.

ოჯახური კონფლიქტი ტატო ცირდავას საცხოვრებელი სახლის გამო დაიწყო. მოხუცის თქმით, 30 წლის ასაკში ძმის შვილი იშვილა. შვილობილის სიკვდილის შემდეგ კი მისმა რძალმა სახლის დაცლა მოსთხოვა. მოხუცმა კი როგორც აღმოჩნდა, უძრავი ქონება მის ნათესავზე უკვე გადააფორმა. ამბობს, რომ სახლის გაყიდვა ძმიშვილის სამკურნალოდ დასჭირდა.

ოჯახური კონფლიქტი უკვე მივიდა სასამართლომდე. ადვოკატი, რომელიც ნინო ქუხილავას ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ ტატო ცირდავას უძრავი ქონების განკარგვის უფლება არ ჰქონდა, რადგან საცხოვრებელი სახლი მის ძმიშვილზე იყო გადაფორმებული.

ავტორი: ემა გოგოხია. 

დღის ამბები