22 დეკემბერი 2024,   06:17
ვრცლად
ერთი სპეცრაზმელი მეორეს აგინებდა დედას და ცდილობდა მისთვის იარაღის წართმევას, რომელიც იყო პანიკაში - მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის ღამეს იხსენებს

„თემირლანს რომ ჰქონდა ხელში ტელეფონი, შეეშინდა, შეეშინდა და მოახდინა გასროლა,“ - ასე აფასებს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მისი შვილის დაჭრას.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კურიერთან სპეცოპერაციის ღამის დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ მისი ქალიშვილი სწორედ სპეცრაზმელების კიბეზე ამოსვლის ხმამ გააღვიძა და მეორე სართულზე გამოვიდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, თემირლანის ოთახის კარის შემტვრევისთანავე ისროლეს სპეცრაზმელებმა. მისი ქალიშვილი კი საძინებელში შეიყვანეს და გარეთ გამოსვლის საშუალება 10-20 წუთის განმავლობაში არ მისცეს და შემდეგ ჩაიყვანეს პირველ სართულზე.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მისმა ქალიშვილმა გაიგონა, როგორ მიაყენა ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მეორეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მისთვის იარაღის წართმევა სცადა.

„იქიდან ხმა ამოდიოდა, ერთი სპეცრაზმელი მეორეს აგინებდა დედას და ცდილობდა მისთვის იარაღის წართმევას, რომელიც იყო პანიკაში. ეს ადასტურებს, რომ მაგას, თემირლანს რომ ჰქონდა ხელში ტელეფონი, შეეშინდა, შეეშინდა და მოახდინა გასროლა. ამას მე ვამბობ სრული სიმტკიცით, სრული სიმართლით,“ - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სამართალდამცავებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ მისი შვილის ტერორისტებთან დაკავშირებისგან.

„ნუ ცდილობენ ჩემი ბავშვის ტერორისტებთან დაკავშირებას და მოვითხოვ, მიენიჭოს უდანაშაულო სტატუსი,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის ახალგზარდის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. ავსტრიის ერთ-ერთი ცნობილი კლინიკა მზად არის თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად. კლინიკაში ტრანსპორტირებისთვის მხოლოდ რამდენიმე დეტალი რჩება შესათანხმებელი.

დღის ამბები