16 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახში შესაძლოა, კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩატარდეს

დაცვის მხარის ინიციატივით პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახში შესაძლოა, კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩატარდეს. ამის საჭიროება კი დეტალური აღწერისა და რეალური სურათის შედგენისთვისაა საჭირო, რათა გაირკვეს, რა მოხდა 26 დეკემბერს.

დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ კიდევ ერთი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მათ მიერ გამოტანილი დასკვნა გამოძიების ვერსიისგან რადიკალურად განსხვავებული იყოს.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში გარკვეული დეტალების გადასამოწმებლად ჩავლენ.

„ვიტყვი ასეთ მინიშნებას, რომ ჯერ იმაზე მეტი ფაქტები გახდება ცნობილი ექსპერტიზის შედეგად, ვიდრე ეს დღეს არის ცნობილი. შესაძლოა, მდგომარეობა კიდევ უფრო გამძაფრდეს და უფრო გამოაშკარავდეს და მკაფიო გახდეს გარკვეული დეტალები. მე ვგულისხმობ სროლის ნაწილში იმ აუცილებლობის გამოსარიცხად, რომ თითქოსდა რომ იყო აუცილებელი ეს სროლა,“ - აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი აცხადებს, რომ განცხადებაში ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რომელმაც შესაძლოა დაადსტუროს სპეცოპერაციის დროს ძალის გამოყენების არალეგიტიმურობა.

„განცხადებაში ვუთითებთ ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დეტალურად, რომლებიც თავის მხრივ, შესაძლოა, ადასტურებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის არაპროპორციულობას და არალეგიტიმურობას და გარკვეულწილად გამორიცხავენ მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას, რაზეც ასე აქტიურად აპელირებს სუს-ი,“ - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები