25 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
19 წლის ახალგაზრდის მკვლელობა - დათო ტორიაშვილს, სავარაუდოდ, მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ

19 წლის ახალგაზრდის ცხედარი სამართალდამცველებმა 10-დღიანი ძებნის შემდეგ ორთაჭალაში მტკვრის ნაპირზე იპოვეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდას ყელი გამოჭრილი ჰქონდა და ფიზიკური ძალადობის კვალიც აღენიშნებოდა, სხეულზე კი დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ვარაუდობენ, რომ მკვლელობამდე მას რამდენიმე ადამიანმა სასტიკად სცემა.

დავით ტორიაშვილის მკვლელობის საქმეზე პოლიციას 6 ახალგაზრდა ჰყავს დაკავებული, მათ შორის ერთი უშუალოდ მკვლელობისთვის, 5 კი დანაშაულის დაფარვისთვის. 

ამ დროისთვის დადასტურებული მხოლოდ ისაა, რომ 19 წლის ბიჭი მასზე რამდენიმე წლის უფროსმა ახალგაზრდამ ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.

ცხედრის აღმოჩენის ადგილზე სამართალდამცველებმა ათობით სახლი გაჩხრიკეს, თუმცა ამ დროისთვის ერთადერთი საცხოვრებელია დალუქული, რომელიც მეპატრონეს გაქირავებული ჰქონდა. დათო ტორიაშვილის მკვლელობის ზუსტი ადგილი ამ დროისთვის გამოძიებას დადგენილი არ აქვს.

19 წლის ბიჭის გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახმა პოლიციაში 29 დეკემბერს განაცხადა.

ტორიაშვილის საქმეზე დაკავებულებს ბრალს შესაბამისი მუხლებით უახლოეს დღეებში წაუყენებენ, რის შემდეგაც მათთვის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს. 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე კი გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული, ძიების პროცესში ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს.

 

დღის ამბები