25 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო თემირლან მაჩალიკაშვილის თურქეთში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ოჯახის თანხმობას ელოდება

თემირლან მაჩალიკაშვილის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსა და პაციენტის ოჯახს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს, დანარჩენ დეტალებზე კი უწყება ოჯახთან უნდა შეთანხმდეს.

„დეტალურად განვიხილავთ ყველა საკითხს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს გადაყვანის პროცედურასთან.  ყველა საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო და ოჯახი თანხმდებიან და რაღაც მომენტში ველოდებით რომ შეთანხმება იქნება მიღწეული და თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანენ,“-განაცხადა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, მაჩალიკაშვილის ოჯახი ითხოვს, რომ პაციენტის ტრანსპორტირება თურქეთის კლინიკის სპეციალიზირებული ვერტმფრენით მოხდეს, თუმცა წმ. მიქაელ  მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის მენეჯერი აცხადებს, რომ აუცილებელი არ არის პაციენტის სპეციალიზირებული ვერტმფრენით მგზავრობა და სპეციალური სივრცის მოწყობა ჩვეულებრივ სამგზავრო თვითმფრინავშიც შესაძლებელია.

„რაც შეეხება თვითმფრინავს, თუ თქვენ გულისხმობთ სპეციალიზირებულ  თვითმფრინავს, ესეთი თვითმფრინავები ძალიან ბევრ ქვეყანას ჩემი ინფორმაციით არ ჰყავს და არსებობენ ავიაკომპანიები ვისთანაც შეიძლება ამ თვითმფრინავის დაქირავება ან ჩვეულებრივ სამგზავრო თვითმფრინავშიც შეიძლება სივრცის მოწყობა,“-განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

26 დეკემბრის სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი  უკვე 2 კვირაა კომატოზურ მდგომარეობაში ხელოვნური მართვის აპარატზეა შეერთებული.

 

 

დღის ამბები