22 დეკემბერი 2024,   09:51
ვრცლად
"ქართული დროშა იმ ტერიტორიაზე, რომელზეც დგას მტრის ჯარი, მაინც ფრიალებს იმიტომ, რომ არ გატყდა სული არც ანწუხელიძისა და არც გაბისიკირიასი" - პრეზიდენტი

„ქართული დროშა დღეს იქ, იმ ტერიტორიაზე, იმ ნაწილზე ჩვენი სამშობლოსი, რომელზეც დგას მტრის ჯარი, მაინც ფრიალებს იმიტომ, რომ არ გატყდა სული არც ანწუხელიძისა და არც გაბისიკირიასი,“ - ასე მიმართა გიორგი მარგველაშვილმა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გამართული ცერემონიის მონაწილეებს.

საოკუპაციო ხაზთან ახლოს სახელმწიფო დროშა დღეს იუნკერებმა აღმართეს. ჰიმნი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრმა შეასრულა.

ცერემონიის მონაწილეებს და იუნკერებს საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას, საკუთარი სახლის აივნებიდან დროშები გადმოფინონ.

„დროშა არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხავენ და ურთულეს პირობებშიც კი ჩვენი სული იზეიმებს თავისუფლებას. მაშინაც კი, როდესაც მტრებით გარშემორტყმული სიკვდილს უყურებდნენ თვალებში ჩვენი ეროვნული გმირები, ქართული დროშა არ დაწეულა და ქართული დროშა დღეს იქ, იმ ტერიტორიაზე, იმ ნაწილზე ჩვენი სამშობლოსი, რომელზეც დგას მტრის ჯარი, მაინც ფრიალებს იმიტომ, რომ არ გატყდა სული, არც ანწუხელიძისა და არც გაბისიკირიასი. გილოცავთ, ქართული დროშის დღეს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები