22 დეკემბერი 2024,   08:59
ვრცლად
პოროშენკოს ხელწერილი რუსეთს - სიუჟეტს - პოროშენკო, პოროშენკოს კი სააკაშვილი გამოეხმაურა

"რუსეთის სპეცსამსახურის მიერ მომზადებული დაბალი დონის სიყალბე" - ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილი, რომელიც რუსთავი2-ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

სავარაუდოდ, პეტრო პოროშენკოს ხელით დაწერილი ორი დოკუმენტი შაბათის კურიერში გავიდა.

ხელნაწერების ადრესატი, რომელიც 2007 წლის 3 თებერვლით თარიღდება, რუსეთის უშიშროების სამსახურია. წერილში უკრაინის პრეზიდენტი ანტირუსულ კამპანიას ემიჯნება და პირობას დებს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობას არასოდეს მიიღებს. პეტრო პოროშენკო რუსეთისადმი ერთგულებას, წერილის მიხედვით, რეგიონების პარტიის დამფუძნებლობით და რუსეთში მისი ბიზნესინტერესებით ხსნის.

სიუჟეტს რამდენიმე საათში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამოხმაურება მოჰყვა. ამ დროს კიევში უკვე ღამის სამის ნახევარი იყო.

ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტები არის რუსეთის სპეცსამსახურის მიერ მომზადებული და შემოგდებული დაბალი დონის სიყალბე. პოროშენკო ტელეკომპანიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. 

შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს და პოროშენკოს პასუხს დღეს მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეფასებით, ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღამის სამ საათზე უარყო ოფიციალურად რუსთავი2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, პოროშენკოს ადმინისტრაციაში არსებულ პანიკაზე მიუთითებს.

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ არგუმენტი პოროშენკოს შვილის ოფიციალური ქორწინების თარიღის შესახებ დამაჯერებელი არ არის.

"ადამიანებმა შესაძლოა, იცხოვრონ ქორწინებაში ოფიციალური რეგისტრაციის გარეშეც. მით უმეტეს, თუ ამტკიცებ, რომ ეს არის ეფ-ეს-ბე-ს შემოგდებული, არ არის საჭირო, ჩათვალო ისინი იმდენად სულელებად, რომ მათ ეს ფაქტები არ გადაამოწმეს," - წერს სააკაშვილი.

ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის თქმით, პოროშენკო მტრული ქვეყნის წარმომადგენლებთან არაოფიციალური ხასიათის ინტენსიურ კონტაქტებს მხარს უჭერს.

"ვიცი, რომ 29 დეკემბერს პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს, პოროშენკომ ჩემს წინააღმდეგ საქმეში თანამშრომლობა სთხოვა. ვერ ვიჯერებ, რომ მას შეეძლო, ეს დოკუმენტი საკუთარი ხელით დაეწერა იმის გათვალისწინებით, რომ ხელნაწერები არ იწვის. თუმცა, მეორე მხრივ, მე არ მჯეროდა ლეხ ვალენსასა და სხვა მსოფლიო მოღვაწეებზეც, რომლებიც ბევრად უფრო პატივცემულები არიან, ვიდრე პოროშენკო," - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები