ავჭალაში მოკლული ცოლ-ქმრის ნათესავები და მეზობლები ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. რამდენიმე მათგანმა პოლიციის შენობა უკვე დატოვა, თუმცა, მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
ზაჰესში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
პოლიციაში იმყოფებოდა მოკლული ინგა ხუბაევის დისშვილი, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა.
"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, მოკლულია 66 წლის ერვანდ ტატიშვილი და 51 წლის ინგა ხუბაევი. მომხდარის სხვა დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის არ საუბრობს.
ყაჩაღური თავდასხმა თბილისში, ზაჰესის დასახლებაში ავჭალის 25 ნომერში მოხდა. ცოლ-ქმარს, რომლებიც მინი მარკეტს ფლობდნენ, ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ, შემდეგ კი მოკლეს.
ადგილობრივების განცხადებით, თავდამსხმელები ტატიშვილების ოჯახის კუთვნილი მინი მარკეტის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც მათ მფლობელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის და ასევე 236-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა-ტარებას გულისხმობს.