28 ოქტომბერი 2024,   23:31
ვრცლად
პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს - ოპოზიცია პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ისევ ქუჩას ირჩევს

ნიკა გვარამია მზადაა, რომ პრეზიდენტის ლიდერობით ქუჩის პროტესტს, საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად შეუერთდეს. მის მიერ წარსულში რეზიდენტად მოხსენიებულ ზურაბიშვილს, ახლა გვარამია სრულიად განსხვავებულ ისტორიულ ფუნქციას ანიჭებს. ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება, გაყალბების მტკიცებულებების წარმოდგენამდე ადასტურებს, რომ საბოლოო რეზულტატი რეალობას არ ასახავს.

სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას უერთდება გიორგი გახარიას პარტიაც, თუმცა ის არც პრეზიდენტთან და არც ოპოზიციის შეკრებებზე არ გამოჩენილა. გახარია ამბობს, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს, თუმცა სიების ჩახსნასა და მანდატების დათმობაზე არ საუბრობს.

ნაცნობი და წინასწარ გაწერილი სცენარი, რომელიც ერთხელ უკვე გათამაშდა - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. ლიდერებმა დღეს ერთი თვის წინ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ოპოზიციისა და პრეზიდენტისთვის მიცემული პირდაპირი ინსტრუქციებიც გაიხსენეს. არჩევნების შედეგის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, პროტესტი და პროცესის არალეგიტიმურად გამოცხადება - ეს ის მეთოდებია, რომელზეც ამერიკული ინსტიტუტი თავის ანგარიშში ერთი თვის წინ წერდა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სცენარი გაშიფრულია და იმ ფონზე, როდესაც ოპონენტებს ერთი მტკიცებულებაც კი არ უჭირავთ, ის წარუმატებლობისთვისაა განწირული.

ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიების, "ისფედის", სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებების მიუხედავად, კვლავ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ სხვა ოპოზიციური პარტიები. ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის პროცესში საერთაშორისო საზოგადოების დასკვნებზე მეტად, გადამწყვეტი როლი პრეზიდენტის შეფასებას აქვს. ოპოზიცია პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ისევ ქუჩას ირჩევს.

ოპონენტების განცხადებებს გაყალბებაზე, საზოგადოების მიზანმიმართულ შეურაცხყოფად აფასებენ "ქართული ოცნებაში". მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია პრეზიდენტის ფუნქცია არაა. ლიდერების თქმით, საუბარი არარეალურ ციფრებსა და გაყალბებაზე ადასტურებს, რომ ოპონენტებსა და პრეზიდენტს ყოველთვის ერთი მიზანი ამოძრავებდათ - ქუჩა და დესტაბილიზაციის მცდელობა, რომელიც წარუმატებლობისთვისაა განწირული.

საპარლამენტო არჩევნებიდან 3 დღის შემდეგ, ოპოზიციას არჩევნების გაყალბების, რომელმაც საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა, ერთი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია, თუმცა მოქმედებას კვლავ ქუჩიდან იწყებს.

 

დღის ამბები