29 ოქტომბერი 2024,   00:15
ვრცლად
ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ელექტრონული სისტემით მანიპულაცია გამორიცხული იყო, არჩევნების შედეგების შემდეგ კი რიტორიკა შეიცვალა - მმართველი გუნდი მანიპულაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეცვლილ პოზიციაზე მიუთითებს. საუბარია, წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე გაკეთებულ განცხადებებზე, სადაც ზურაბიშვილი და ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ელექტრონული სისტემით მანიპულაცია გამორიცხული იყო. ოპოზიციის კონკრეტული გამოსვლები დღეს შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა. პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ მათ პოზიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ შეცვალეს და მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობაა.

განცხადება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე იხსენებს სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნებამდე 3 დღით ადრე, ერთ-ერთ ტელეეთერში გააკეთა. ამტკიცებდა, რომ ელექტრონული სისტემა მოქალაქეების ხმების დაცულობას უზრუნველყოფს. შედეგების გამოცხადების შემდეგ კი პოზიცია რადიკალურად შეცვალა.

სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილის და ოპოზიციის რიტორიკის ცვლილება, არჩევნებში დამარცხებამ გამოიწვია. "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, ოპონენტებს დღეს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ელექტრონული დანადგარი, რომელზეც ამერიკულმა კომპანიამ აუდიტი ჩაატარა, ნებისმიერ ხელოვნურ მანიპულაციას გამორიცხავს.

კახა კალაძის მიერ დასახელებულ განცხადებებს, ინახავს სატელევიზიო არქივი. ელექტრონული სისტემის უპირატესობაზე, საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი საუბრობდა, მათ შორის იყვნენ ნიკა გვარამია და ალეკო ელისაშვილიც.

დღეს კი ორივე კოალიციამ, რომელმაც ბარიერიც გადალახა და საპარლამენტო მანდატებიც მოიპოვა პოზიცია შეცვალა. მიზეზი, მათი თქმით, ხელოვნური მანიპულაციებია.

მმართველი გუნდი, ოპონენტებისგან მანიპულაციის დამადასტურებელ კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციას მარცხის აღიარება არ სურს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას სხვადასხვა გზით ცდილობს. მაღალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა ისაუბრა.

ელექტრონული არჩევნები, მთელი ქვეყნის მასშტაბით წელს პირველად ჩატარდა. ამომრჩეველთა თითქმის 90 პროცენტმა საკუთარი ნება, ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების საშუალებით დააფიქსირა. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 18 პარტიიდან, ყველაზე მეტი ხმა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. 5 პროცენტიანი ბარიერი კი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა.

დღის ამბები