28 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
"უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი პატივისცემაა მოსახლეობის სწორი არჩევანის, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას"- ლევან დავითაშვილი

საქართველოში უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით. 28 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის დელეგაციას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა. დელეგაციის დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ორივე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებმა - საქართველოს ელჩმა უნგრეთში თამარ ლილუაშვილმა და უნგრეთის ელჩმა საქართველოში ანა მარია შიკომ.

ლევან დავითაშვილმა უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის საკითხის კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნა - უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ევროპასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, ჩვენს ევროპულ ასპირაციას და იმ სტრატეგიულ ხაზს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის გააჩნდა, გააჩნია და შეინარჩუნებს მომავალშიც.

"ეს არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა - უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში. ეს არის აღიარება იმ მნიშვნელოვანი გამარჯვების, რომელიც არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სრული მხარდაჭერა. ეს არის მათ შორის, პატივისცემა მოსახლეობის სწორი არჩევანის, და ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვქონდა“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, საქართველო ყოველთვის მზადაა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, კიდევ უფრო შედეგიანი და პროდუქტიული იყოს.

"თუმცა ეს ურთიერთობები, ბუნებრივია, უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო დაეხმარება ჩვენსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ მზად ვართ, არასოდეს ვყოფილვართ სხვა პოზიციაზე - რომ ეს თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს, კიდევ უფრო გაღრმავდეს. მომავალში, რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო ხელსაყრელი იქნება ორივე მხარისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოში იმყოფებიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები. 29 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველო-უნგრეთის მთავრობის წევრებს შორის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება და განხილულ იქნება სხვადასხვა სფეროში პარტნიორული ურთიერთობების ფართო სპექტრი. შეხვედრების შემდეგ ორი ქვეყნის პირველი პირები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

უნგრეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უნგრელ კოლეგასთან, ეკონომიკური განვითარების მინისტრ მარტონ ნადისთან გამართავს შეხვედრას. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების პირველი პირები საქართველო-უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და მათი განვითარების საკითხებს განიხილავენ.
უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი 29 ოქტომბერს დასრულდება.

დღის ამბები