28 ოქტომბერი 2024,   23:38
ვრცლად
ეუთო/ოდირის პირველადი დასკვნა, რომელიც ოპოზიციისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა - როგორია მეოთხე ვადით არჩეული "ქართული ოცნების" პოზიცია

არჩევნების დღეს, ხმის მიცემის პროცესს უშუალოდ ეუთო/ოდირის 500-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ადევნებდა თვალს. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას გაწეული სამუშაოს, პრემიერ-მინისტრი მნიშვნელოვანს უწოდებს. ირაკლი კობახიძის თქმით, 2024 წლის არჩევნები შესაძლოა იშვიათი გამონაკლისიც კი აღმოჩნდეს, რადგან მთავრობის მეთაურის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს დაუპირისპირდა.

2020-2024 წლების არჩევნებზე, ძირითადი სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მხოლოდ ზოგიერთ პუნქტს იზიარებს ოპოზიციის ნაწილი, ნაწილი ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის ანგარიშის მომზადებას გარკვეული სპეციფიკა აქვს და არჩევნების ლეგიტიმურობას ეუთო/ოდირი ვერ დაადგენს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს კი აქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები, მის საბოლოო შემუშავებამდე დამძიმდება.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ შუალედური ანგარიში გუშინ გაასაჯაროვა. ამომრჩევლების მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არათანაბარი გარემო მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ხმის ფარულობის დარღვევა და პოლარიზებული გარემო - ეს არასრული ჩამონათვალია იმ დარღვევების, რაზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ყურადღებას ამახვილებს. კრიტიკასთან ერთად, ანგარიშში დადებითად შეფასდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და მთლიანობაში ითქვა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო. საერთაშორისო დამკვირვებლები იმედოვნებენ, რომ ახლად არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, გამოწვევების გადალახვა კი ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოებას.

”კრიტიკული აღიარება” - ასე აფასებენ ეუთო/ოდირის ანგარიშს, სახელისუფლებო პარტიის ლიდერები. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ დარღვევებზე საუბრის მიუხედავად, არცერთი არ ყოფილა იმ მასშტაბის, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა.

ეუთო/ოდირი, ევროპის საბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი - სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საბოლოო დასკვნას, რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებენ.

დღის ამბები