ხაშურში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის შედეგად 4 მოზარდი დაშავდა, აქედან 2 მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში დააწვინეს.
ერთ-ერთ მათგანს მრავლობით ჭრილობები აქვს მიყენებული და როგორც ხაშურის ახალი კლინიკის ხელმძღვანელი კახა ხელაძე აცხადებს, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობების გამო, მას სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. რაც შეეხება მეორე მოზარდს, მას შედარებით მსუბუქი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და მან ცოტა ხნის წინ კლინიკა დატოვა.
„ჰქონდა მრავლობით ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუში, მუცლის ორგანოების დაზიანებით. სწორედ ეს იყო ჩვენება სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციის. გარდა ამისა, იყო ჭრილობები როგორც კიდურზე, ასევე ყბის ქვეშა მიდამოში. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი უკვე გაწერილები არიან კლინიკიდან. ორი პაციენტი შემოყვანილი იქნა, სასწრაფო გადაუდებელი ბრიგადის მიერ და ორივე იყო ნაკვეთი ჭრილობებით, დანარჩენებთან მიმართებაში, ზედაპირული ტრამვული დაზიანებები იყო,“ - განაცხადა კახა ხელაძემ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოკითხვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. სამართალდამცველებმა მოზარდთა ნაწილი გამოკითხეს, ამ წუთებში კი თვითმხილველ მოზარდთა ნაწილს კითხავენ. ისინი პოლიციაში განყოფილებაში მშობლებთან ერთად იმყოფებიან.
მომხდარ ფაქტს იხსენებს ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ეკა გოგოლაძე.
„მთელი კლასი იყო თანაკლასელის დაბადების დღეზე. იქ, როგორც ინფორმაცია მაქვს, სხვა კუპეში, სხვა ჯგუფი იყო და სხვებმა დაჭრეს ჩვენი ბავშვები. ბავშვებმა თვითონაც არაფერი არ იციან, ყველაფერი მოხდა რამდენიმე წუთში. ორი ბავშვი იმყოფება საავადმყოფოში და დანარჩენები ყველანი არიან პოლიციის განყოფილებაში,“ - განაცხადა ეკა გოგოლაძემ.
რაც შეეხება თავად ფაქტს, თვითმხილველი მოზარდები აცხადებენ, რომ ისინი რესტორანში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და მათ ჩხუბი ერთმანეთთან არ მოსვლიათ. მათი თქმით, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ დაინახეს, რომ დაახლოებით, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ფიზიკურად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ისინი კი მათ გაშველებას შეეცადნენ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.