04 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი პირი გუშინ დააკავა. ბერძენიშვილი გვიან ღამით სახაზინო ადვოკატმა მოინახულა. ელდარ გვალია ამბობს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

"ერთი ვიცი, რომ არის პატიოსანი ადამიანი, 2003 წლიდან ეკლესია-მონასტრებს აშენებს საქართველოში და მისი განმარტებით, ის არასდროს საქართველოს მტერი არ ყოფილა," - აცხადებს მისი ადვოკატი ელდარ გვალია.  

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად თურქეთში ჩავიდა. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

ბერძენიშვილი თბილისში დააკავეს. გამოძიება მას ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები