22 დეკემბერი 2024,   10:06
ვრცლად
ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის ოჯახი, ბრალდებულის ჩატაევთან კავშირს გამორიცხავს

ახმედ ჩატაევის დახმარებისთვის დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის დაფინანსებასა და ხელშეწყობაში ადანაშაულებს. 

ბრალდებულის ადვოკატი მაია სირაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ეკლესია-მონასტრების მშენებლობით იყო დაკავებული და ტერორიზმთან შეხება არ ჰქონია. მისივე განმარტებით ანატოლი ბერძენიშვილი პირადად არ იცნობდა არც ახმედ ჩატაევს და არც თემირლან მაჩალიკაშვილს. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული მეგობრობდა ხიზირ მარგოშვილთან, რომელსაც სუს-სი ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებს.

„ცნობით არ იცნობდა მაგრამ იცოდა, რომ არსებობდა ეგეთი პიროვნება მაჩალიკაშვილი, ოღონდ მამამისი თორემ ბავშვს რა ურთიერთობა უნდა ჰქონოდა 45 წლის მამაკაცთან. ჩატაევთან და სხვასთან დაკავშირებით, ხიზირი არის მისი ბავშვობის მეგობარი, 17 წელია უკვე მეგობრობენ. აქვთ ბიზნესი, ერთობლივად აწარმოებდნენ,“-განაცხადა მაია სირაძემ.

ჩატაევთან რაიმე სახის კავშირს გამორიცხავს დაკავებულის დაც. ტატიანა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მისი ძმა ახმედ ჩატაევს არ იცნობდა. რაც შეეხება მის თურქეთში გახშირებულ ვიზიტებს, ტატიანა ბერძენიშვილის განმარტებით ეს მის სამშენებლო საქმიანობას უკავშირდებოდა და იქიდან სამშენებლო მასალა მოჰქონდა. 

„ჩემს ძმას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. არის უდანაშაულო. მუშაობს აჭარაში. იქ აშენებს ეკლესიებს, პატიოსანია. კი უწევს იქ გადასვლა-გადმოსვლა, რაზეც ლაპარაკობენ, მაგრამ ეს ყველაფერი ეხება ეკლესიას. არანაირი ჩატაევი თუ რას ეძახიან, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა. არც გვინახია, არც ვიცით,“-განაცხადა ანატოლი ბერძენიშვილის დამ, ტატიანა ბერძენიშვილმა.

დაკავებულის მეუღლე ვიქტორია ბერძენიშვილი ამბობს, რომ მან მისი ქმრის დაკავების შესახებ მეზობლისგან შეიტყო. ვიქტორია ბერძენიშვილის თქმით აყვანისას მისი მეუღლე შვილთან ერთად იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით ჩატარდა სახლის ჩხრეკაც. სამართალდამცავებმა სახლიდან კომპიუტერი და ფული წაიღეს.

ანატოლი ბერძენიშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

​ 

დღის ამბები