22 დეკემბერი 2024,   10:01
ვრცლად
გენერლის მკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ ე.წ. სტამბოლის ბაზრის კიდევ ერთი ყოფილი მეწილის შვილი დუმილს არღვევს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ ე.წ. სტამბოლის ბაზრის კიდევ ერთი ყოფილი მეწილის შვილი დუმილს არღვევს. დავით ბლუაშვილი გახმაურებულ მკვლელობას სამსონ ქუთათელაძის ბიზნეს საქმიანობას უკავშირებს.  

დავით ბლუაშვილი კონკრეტულად ხელს ვერავის ადებს, თუმცა, გარკვეულ მინიშნებებს აკეთებს და ყვება, რომ მან უშუალოდ სამსონ ქუთათელაძისგან მოისმინა გიორგი ჭანტურიასთან არსებული კონფლიქტის შესახებ.

ადვოკატი, ანა კეკელიძე ეჭვობს, რომ დავით ბლუაშვილი და სხვა მოწმეებიც პოლიციის დაკვეთას ასრულებენ და ფაქტების დამახინჯებით ცდილობენ გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ყველა ეჭვი მხოლოდ გიორგი ჭანტურიასკენ გადაიტანონ.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი მოწმე დაკითხვის ოქმში უთითებს, რომ ბლუაშვილი გენერალ ქუთათელაძეს ემუქრებოდა.

დავით ბლუაშვილის მიერ ფულის მოთხოვნის შესახებ სხვა მოწმეებსაც აქვთ ჩვენება მიცემული, თუმცა, თავად მსგავსი იძულების ფაქტებს უარყოფს.

გიორგი ჭანტურიას დაცვას პრეტენზიები შსს-ს მაღალჩინოსნების მიმართაც აქვთ. რამდენიმე დღეა, ადვოკატები საუბრობენ იმაზე, რომ ფაქტების ფალსიფიცირებით უშუალოდ მინისტრის მოადგილეები არიან დაინტერესებული.

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიება გრძელდება. მესამე დღეა, მდინარე მტკვარში სამართალდამცველები სპეციალური ტექნიკითა და მაგნიტებით მკვლელობის იარაღს და ტანსაცმელს ეძებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები