22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
„მითხრა, რომ აღიარე და შეღავათს გაგიკეთებ“-ჭანტურიას ინფორმაციით შს მინისტრის მოადგილე მას ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას სთხოვდა

რუსთავის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე გიორგი ჭანტურია ამტკიცებს, რომ მას გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის მოადგილე პირადად სთხოვდა მკვლელობის აღიარებას.

„მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მეღიარებინა ეს დანაშაული საკუთარ თავზე. აღიარე ეს დანაშაული, მეუბნებოდნენ. ეს პირდაპირ მითხრა, ზუსტად სიტყვა-სიტყვით. შენ ჩხუბი მოგივიდა და მერე ესე განვითარდა მოვლენები,“-განაცხადა გიორგი ჭანტურიამ და აღნიშნა, რომ მას შს მინისტრის მოადგილემ უთხრა, რომ მას არ სურდა ამ მკვლელობას შეკვეთილის ელფერი ჰქონოდა და შესაბამისად თუ ის აღიარებდა ამ დანაშაულს, შეღავათებს ჰპირდებოდა.

„მითხრა რომ აღიარე და შეღავათს გაგიკეთებ და დაგეხმარები ბოლომდე გვერდში დაგიდგები,“-განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.   

რუსთავის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე გიორგი ჭანტურია ებრაელი პარტნიორის უზიელ ნონის ჩვენებასაც გამოეხმაურა, რომელიც მან სამართალდამცავებს გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მისცა. მოგვიანებით ნონიმ გასაჯაროებულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტები უარყო, თუმცა ჩვენებაში მან ერთ-ერთი პირი, ვინც მოკლულთან დაპირისპირებაში მოიხსენია გიორგი ჭანტურიაა.

გიორგი ჭანტურია ეჭვობს, რომ ნონის ათქმევინეს უარი გასაჯაროებულ ჩვენებაზე და ის ხელმეორედ დაკითხეს სასურველი ჩვენების მისაღებად.

გიორგი ჭანტურია ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ მას რაიმე სახის დაპირისპირება ჰქონდა მოკლულ გენერალთან.

„ჩვეულებრივი კარგი, ნორმალური ურთიერთობა მქონდა სამსონ ქუთათელაძესთან,“-განაცხადა ჭანტურიამ.

რუსთავის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე ვარაუდობს, რომ მოწმეები მასსა და გენერალ სამსონ ქუთათელაძის დაპირისპირების შესახებ მიზანმიმართულად საუბრობენ იმისთვის, რომ ის იქცეს მთავარ ეჭვმიტანილად.

გიორგი ჭანტურია ფიქრობს, რომ გამოძიება ცდილობს წრე დაავიწროვოს და ის დარჩეს ერთადერთ მოწმედ. ის ასევე ვარაუდობს, რომ მისი მოცილებით კონკრეტული პირები არიან დაინტერესებული.

„ეს საქმე თუ ჩემსკენ წამოიყვანეს და მეც მომაცილეს იქაურობას ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს რაღაც ინტერესები. ადამიანი ცოცხალი აღარ არის. ის განაგებდა ყველაფერს და ის იღებდა გადაწყვეტილებებს,“-განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

რაც შეეხება ინფორმაციას ჭანტურიას შეთავაზებასთან დაკავშირებით რომ სამსონ ქუთათელაძეს მისი კუთვნილი მიწები შეეძინა, გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ ესეთი მოლაპარაკება არსებობდა, თუმცა ამას დაპირისპირება არ მოჰყოლია. მისივე თქმით თუნდაც ის, რომ უარი უთხრა ქუთათელაძემ მიწის შეძენაზე ეს მოტივი მისი მოკვლის ვერ გახდებოდა.

„მოტივი რა არის ჩემი. ვთქვათ უარი მივიღე და მერე რა ? იყიდიდა ამის შემდეგ?“-განაცხადა გიორგი ჭანტურიამ. 

გიორგი ჭანტურიას განცხადებით მკვლელობის დღეს გენერალი ქუთათელაძე ბაზრის ტერიტორიაზე შემთხვევით შეხვდა. მისივე ინფორმაციით 10 წუთიანი საუბრის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და ამის შემდეგ ის ბანკში წავიდა მამასთან შესახვედრად. გიორგი ჭანტურიას თქმით სწორედ ბანკში გაიგო, რომ სამსონ ქუთათელაძე მოკლეს და ის ბანკიდან ისევ ბაზრის ტერიტორიაზე დაბრუნდა.

ჭანტურია ასევე იხსენებს, რომ ბოლოს როდესაც სამსონ ქუთათელაძე ნახა მასთან ერთად მისთვის უცნობი მამაკაციც იყო და ისინი მიწასთან დაკავშირებით საუბრობდნენ.

გიორგი  ჭანტურია ბაზრის დირექტორის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც ჭანტურიას კაზინოში წაგებულ ფულზე და დიდ ვალზე ისაუბრა. გიორგი ჭანტურიამ თქვა, რომ ეს სისულელეა.

"მე არანაირი ფინანსური პრობლემები არ მაქვს,"-განაცხადა გიორგი ჭანტურიამ და თქვა, რომ ის კაზინოში არ თამაშობს და ამასთან აქვს სხვა ბიზნესიც და შემოსავლებიც. 

მისივე თქმით ბაზრის დირექტორი ფაქტიურად მისკენ პირდაპირ იშვერს ხელს რაც დაუშვებელია.

დღის ამბები