22 დეკემბერი 2024,   09:56
ვრცლად
ვიღაცას სავარაუდოდ, არ სურს, რომ კონკრეტული პირები მიეცენ პასუხისგებაში - ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

„თავიდანვე შევატყე, რომ საქმე არ მიდიოდა სწორი მიმართულებით,“ – ეს განცხადება ადვოკატმა,  ტარიელ კაკაბაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობასთან დაკავშირებით გააკეთა.

ადვოკატის თქმით, ფაქტობრივ გარემოებებს განსხვავებულად ყვებიან დაკითხული მოწმეები.

„რამდენიმე მოწმე, რომელიც ასაღებდა თავს ფაქტის თვითმხილველ მოწმედ, მათი ჩვენებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსობრივად,“ - განაცხადა ადვოკატმა.

„არჩევანის“ ეთერში ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ მომხდარში გაცილებით მეტი პირი მონაწილეობდა, ვიდრე გამოძიებას აქვს მათზე ინფორმაცია.

„გამოძიება ვერ ახერხებს იმ პირების დადგენას, რომელიც მონაწილეობდა კონფლიქტში და ის პირებიც კი, ვინც, თითქოს დადგენილია და თითქოს, უკვე ისინი აძლევენ გამოძიებას სწორ ინფორმაციას, მათი ჩვენებებიც კი არის აბსოლუტურად წინააღმდეგობრივი. მათ ჩვენებებს რომც ვენდოთ და დავიჯეროთ, მაინც არ იკვეთება, კონკრეტულად, ეს პირები რას აკეთებდნენ კონკრეტულ დროს,“ - აცხადებს ადვოკატი.

ტარიელ კაკაბაძის თქმით, ერთიანი სურათის ჩვენება აღნიშნული ჩვენებების მიხედვით შეუძლებელია.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალებიდან შეუძლებელია იმის გარკვევა თუ ზუსტად რამდენი პირი მონაწილეობდა კონფლიქტში, მათი ვინაობები არ ჩანს.

ჩვენებების ურთიერთწინააღმდეგობრიობაზე საუბრისას ადვოკატის თქმით, ვლინდება, რომ გამოძიება შეცდომების ფონზე წარიმართა. ადვოკატის თქმით, ჩვენებები ერთი ადამიანის დაწერილს ჰგავს.

„ერთი და იგივე მოწმე, არის შემთხვევები, როდესაც დაკითხულია რამდენჯერმე და აბსოლუტურად სხვადასხვა ჩვენებებს აძლევს საგამოძიებო ორგანოებს. ეს შეიძლება იყოს მიზეზი  იმის, რომ თავიდანვე არასწორ გზას დაადგა საგამოძიებო ორგანო, ასევე, დამატებით შეიძლება იყოს ის, რომ დაუშვეს ბევრი შეცდომა და დამატებით შეიძლება იყოს ისიც, რომ ვიღაცას, სავარაუდოდ, არ სურს, რომ კონკრეტული პირები მიეცენ პასუხისგებაში,“ - განაცხადა ადვოკატმა.  

მან აღნიშნა, რომ დაცვის მხარემ სხვადასხვა ექსპერტიზა დანიშნა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რამდენი დანით მიაყენეს ჭრილობა.

„ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვებით უტყუარად დადგინდება, რომ ის, რაც ბრალდების დადგენილებაში არის მითითებული, არის სრული სიცრუე და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან,“ - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ. 

დღის ამბები