22 დეკემბერი 2024,   10:14
ვრცლად
"ბახალას" საქმეში დაუსაბუთებელი და სერიოზული დეფიციტია მყარი მტკიცებულებების - EMC-ის იურისტი

„ბახალას შემთხვევაში, მას სთხოვდნენ თანამშრომლობას სხვა პირის წინააღმდეგ რომ მიეწოდებინა ინფორმაცია და ამის გამო, ეს ადამიანი გაწირეს ასე,“ - ეს განცხადება „ადამიანის უფლებების სწავლებებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა, გურამ იმნაძემ „ბახალას“ საქმის შეფასებისას გააკეთა.

გიორგი გიორგანაშვილის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გურამ იმნაძის თქმით, საქმეში მყარი მტკიცებულებები არ არის.

„იკვეთება აშკარად ამ საქმეში, რომ ის არის დაუსაბუთებელი და სერიოზული დეფიციტია მყარი მტკიცებულებების, როგორც ვიცი ასევე, არ არის დნმ-ის ანალიზი ჩატარებული აღმოჩენილ ნივთზე,“ - განაცხადა იმნაძემ.

გურამ იმნაძე ამბობს, რომ თუნდაც, „ბირჟა მაფიას“ საქმეზე რა მდგომარეობაშია გამოძიება, უცნობია. ხოლო, „ბახალას“ საქმე ორი მიმართულებით არსებულ პრობლემებს ნათლად აჩვენებს.

„ერთი არის, რომ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა არის ირაციონალური და აბსურდული. გიორგი გიორგანაშვილის საქმეში რომც ჩავთვალოთ, რომ დასაბუთების პრობლემა არ იყო, ჩვენ საქმე გვაქვს პირადი მოხმარების მიზნით, თუნდაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებაზე. აქ არ არის გასაღება ან რაიმე ორგანიზებული დანაშაული ან რაიმე დამამძიმებელი მაკვალიფიცირებელი ნიშანი. ეს შეეხება პირადი მოხმარების მიზანს და ამის გამო, სასჯელი არის მინიმალური 8 წელი, ასეთი პოლიტიკა არის მთლიანად შესაცვლელი და მეორე, ჩვენი სასამართლო სისტემა არის აბსოლუტურად სმენადახშული საზოგადოებაში არსებული ტენდენციების, ზოგადად, სამართლიანობის ზოგადი პრინციპების მიმართ,“ - განაცხადა იურისტმა.

გურამ იმნაძის თქმით, საქალაქო სასამათლოს მოსამართლეს შეეძლო "ბახალას" საქმის გაჩერება და შეეძლო, რომ კანონი წარდგინებით გაეგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოში.

დღის ამბები