საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანების მკვლელობის საქმის განხილვა. დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგნენ. პროცესის დასრულების შემდეგ დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქმეში არსებულ არასაკმარის მტკიცებულებებზე.
გარდა ამისა, ტარიელ კაკაბაძემ აღნიშნა, რომ ამ დრომდე საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება თუ რამდენი დანა მოქმედებდა ჭრილობების მიყენების დროს. ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ ამის დასადგენად დაცვის მხარემ თავად დანიშნა ექსპერტიზა, რისთვისაც სპეციალისტები საზღვარგარეთიდან მოიწვია.
„ამ ეტაპზე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება, საიდანაც უტყუარად დადასტურდება რამდენი სხვადასხვა დანა მოქმედებდა ჭრილობების დროს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა აქვე მინდა ვახსენო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცვის მხარემ დავნიშნეთ ექსპერტიზები. ჩვენ ვიწვევთ საზღვარგარეთიდან უდიდეს პროფესიონალებს, რომლებიც დაადგენენ თუ რამდენი სხვადასხვა დანით არის მიყენებული ჭრილობები. მიგვაჩნია, რომ თუ ეს საკითხი არ დადგინდა და არ დადასტურდა, შეუძლებელია ჩვენ ჩავთვალოთ, რომ საქმეზე ყველა დეტალი არის გარკვეული,“ - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
ადვოკატის განცხადებას არ ეთანხმება საქმის პროკურორი. ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ნათელი გახდება თუ რამდენი დანა მონაწილეობდა საქმეში.
„სახელმწიფო ბრალდებამ ყველა საჭირო მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები მოიპოვა კანონით დადგენილი წესით, წარადგინა სასამართლო სხდომაზე და კიდევ ერთხელ, ცალსახად ვაფიქსირებთ პოზიციას, რომ ყველა მტკიცებულების ერთობლიობით და მათი სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით გამოკვლევის შედეგად დადასტურდება თუ რამდენი დანით იქნა ჩადენილი ბრალად შერაცხული ქმედება,“ - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
მორიგი სასამართლო პროცესი 1 თებერვალს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა 51 -ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობით დასრულდა.
ავტორი: დავით დვალიშვილი