22 დეკემბერი 2024,   10:11
ვრცლად
შემომწირველებისგან 15 მილიონამდე ლარი „ქართულ ოცნებას“ - ოპოზიცია შავი ფულის გამოყენებაზე საუბრობს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიებს ბიზნესმენებმა და მეწარმეებმა სულ 16 მილიონი ლარი შესწირეს. აქედან, მხოლოდ მილიონ 600 ათასი ლარი დაირიცხა ოპოზიციური პარტიების ანგარიშებზე, დანარჩენი თანხა კი, დაახლოებით, 15 მილიონამდე ლარი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო.

ოპოზიცია ამბობს, რომ აუდიტის სამსახურის დასკვნის ამ ნაწილითაც ღიად ჩანს მმართველი პარტიის ზეწოლა ბიზნესზე, რაც არასამართლიან საარჩევნო გარემოს ქმნის. საპარლამენტო პარტიები დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის დროს შავ ფულსაც იყენებს.

ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ბიზნესზე ზეწოლა არ არის და „ქართული ოცნებისთვის“ ბიზნესმენების შემოწირულობას საარჩევნო კამპანიის დროს საკუთარი ნებით აკეთებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკურმა პარტიებმა 27 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. აქედან 17 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო და კერძო ბიზნესიდან გადარიცხული თანხები სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა.

არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველ პარტიას არათანაბარ პირობებში ჩაყენების გამო აკრიტიკებს.

ე.წ. შავი ფულის საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენების შესახებ რომ ეჭვები არსებობდა, ამას აუდიტის სამსახურშიც ადასტურებენ. პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 700 ფიზიკური პირის დოკუმენტაცია შეისწავლა და დაადგინა, რომ თანხების გადარიცხვა კანონმდებლობის დარღვევით არ მომხდარა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები