22 დეკემბერი 2024,   09:56
ვრცლად
მოულოდნელად შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესი თბილისის სამ ბაღში - გადაწყვეტილებას მშობლების პანიკა მოყვა 

თბილისის მერიამ სააღმზრდელო პროცესი დედაქალაქის სამ ბაღში, შენობების ავარიულობის გამო, მოულოდნელად შეწყვიტა. გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა.

მშობლებს აინტერესებთ, თუ შენობები ავარიულია და ბავშვების იქ ყოფნა საშიშია, რატომ არ მოხდა მათი შემოწმება სექტემბერში და რატომ იმყოფებოდნენ მცირეწლოვნები საშიშ შენობებში.

ამ ეტაპზე თბილისში, 24 ბაღი შემოწმდა და მათგან 3-ში სასწრაფოდ შეწყდა სააღმზრდელო პროცესი, ხოლო ერთის ექსპლუატაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ერთის წლის მანძილზე დასაშვებად ჩათვალა.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მშობლების პანიკა მოჰყვა. მათ აინტერესებთ, გუშინდელ დღემდე, რატომ არავინ შეამოწმა შენობების უსაფრთხოება.

ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, დახურული ბაღების მოსწავლეებს სხვა სააღმზრდელო დაწესებულებაში გადაანაწილებენ. ბაღებს მიღმა არ დარჩებიან არც პედაგოგები. რაც შეეხება შენობებს, ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება მათი გამაგრებითი სამუშაოები და როდიდან აღდგება 19-ე, 84-ე და 125-ე საჯარო ბაგა-ბაღების შენობებში სააღმზრდელო პროცესი.

ავტორი: ნატა კვირჩილაძე 

დღის ამბები