19 აპრილი 2024,   15:58
ვრცლად
ძალადობენ თუ არა მეთაურები წვევამდელებზე - სკანდალური ვიდეო მოკლული ბექა რუსიას ტელეფონში

მოკლული ჯარისკაცის, ბექა რუსიას, ტელეფონში არსებული ფოტო-ვიდეო მასალა, რომელსაც ოჯახი თვეების განმავლობაში ინახავდა, სკანდალურ ფაქტებს შეიცავს. მოკლული ჯარისკაცის დედა ამბობს, რომ კადრებში კარგად ჩანს მუჟავას საგუშაგოზე მომსახურე წვევამდელების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და მეთაურების დაუდევრობა.

კადრებში ჩანს, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, ფორმიანი პირი ახალგაზრდა წვევამდელს ხრამისკენ აგდებს.

ბექა რუსიას ტელეფონში ინახება ფოტოები, სადაც ჯარისკაცები მეთაურის ტაბელური იარაღით პოზირებენ.

მოკლული ჯარისკაცის ოჯახი მეთაურებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამ მასალის ნახვის შემდეგ კი დარწმუნებულები არიან, რომ ბექა რუსია არა შემთხვევითობის, არამედ უფროსების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა.

ტელეფონი, სადაც ეს მასალები ინახებოდა, ბექა რუსიამ ბებიას მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე გაატანა და მისი საიმედოდ შენახვა სთხოვა. 

20 წლის ბექა რუსიას მკვლელობიდან სამი თვის შემდგ ოჯახს უფრო მეტი კითხვა აქვს, ვიდრე პასუხი. ჯარისკაცის ნათესავებს გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ და არც გამოძიებას ენდობიან.

მთავარი ეჭვი მკვლელობის იარაღს უკავშირდება. თავდაპირველად ოჯახს უთხრეს, რომ 20 წლის რუსია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკვდა, თუმცა, შემდეგ გაარკვიეს, რომ საბედისწერო გასროლა ერთ-ერთი მეთაურის ტაბელური პისტოლეტიდან განხორციელდა. ოჯახის წევრები თვეებია, ალექსანდრე კვიჟინაძის დასჯას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ.

საგუშაგო, სადაც ბექა რუსია მსახურობდა, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

მოკლული ჯარისკაცის ოჯახის წევრებმა კიდევ ერთი ამბავი იციან, რომელიც მათი ვარაუდით, შესაძლოა, რუსიას, მკვლელობის მიზეზი გამხდარიყო. საქმე ეხება რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ბექა რუსიამ მორიგეობისას დააკავა, ბაზაზე ხელმძღვანელებს მიუყვანა, თუმცა, შემდეგ დაკავებულის შესახებ ვეღარაფერი გაიგო.

 

 

 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები