მთავარ პროკურორს პანკისში ელოდებიან - ირაკლი შოთაძის მზადყოფნას, შეხვდეს მაჩალიკაშვილების ოჯახს, ხეობიდან პასუხობენ და საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელს მოსახლეობასთან შეხვედრაზე იწვევენ.
უხუცესები და გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი კითხვა დაუგროვდათ. ისინი პასუხებს საგამოძიებო უწყებებიდან ელოდებიან და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.
მაჩალიკაშვილებთან შესახვედრად მზად არის მთავარი პროკურორი. ამის თაობაზე დღეს უწყებიდან მოკლული 19 წლის ახალგაზრდის მამას დაუკავშირდნენ, თუმცა სად და როდის გაიმართება ეს შეხვედრა, ჯერ უცნობია.
მაჩალიკაშვილების ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელმა დაჭრა. მას გამჭოლი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა. ახალგაზრდა ორკვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.
იმ შემთხვევაში თუ გამოძიების დასრულების შემდეგ ოჯახს კვლავ ექნება პასუხგაუცემელი კითხვები, რატომ შევიდნენ მათ სახლში და რატომ ესროლეს მძინარე ახალგაზრდას, ისინი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი, ია გულიაშვილი.