26 ოქტომბერი 2020,   11:50
ვრცლად
ვახტანგ ყოლბაია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აფხაზურ ენაზე საინფორმაციო გამოშვების დაბრუნებას ითხოვს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვახტანგ ყოლბაია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს, ვასილ მაღლაფერიძეს, მიმართავს. ვახტანგ ყოლბაია აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აფხაზურ ენაზე საინფორმაციო გამოშვება უნდა დაბრუნდეს, რადგან ეს ყველაფერი ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანია.

ის ამბობს, რომ გალში ტელევიზია შეიქმნა, რომელიც მეგრულ ენაზე მაუწყებლობს. ყოლბაიას თქმით, ამ ტელევიზიის შექმნაში დიდი როლი ითამაშეს რუსულმა სპეცსამსახურებმა.

„დღეს ჩვენი საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი დახურულია, საზოგადოებრივ არხზე მისი ადგილი არ მოიძებნა და  ვფიქრობ, მივმართო ბროდის ხელმძღვანელობას, მინდა, მივმართო ვასილ მაღლაფერიძეს, რომ ამ თემის გაქრობა საზოგადოებრივი არხიდან არის, ცოტა არ იყოს, გაუმართლებელი,“ - განაცხადა ყოლბაიამ.

პარლამენტის ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრმა, ადა მარშანიამ, აღნიშნა, რომ, „თუ ასეთი დონის შეგნება საზოგადოებრივ პირველი არხის ხელმძღვანელობაში არ გვაქვს, რომ აფხაზეთის ტელევიზია უნდა იყოს მის წიაღში და სერიოზულად მაუწყებლობდეს და ძალიან ეფექტურად, მაშინ ის ხელმძღვანელობა არ უნდა იყოს“.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ენძელა მაჭავარიანი, აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხს ყურადღებას მიაქცევს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე დღეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ 2015-17 წლების ანგარიშები წარადგინა.

დღის ამბები