24 აპრილი 2024,   14:17
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ოპოზიციამ ვენეციის კომისიას საკუთარი შეხედულებები გააცნო 

საპარლამენტო ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები ვენეციის კომისიას კიდევ ერთხელ გააცნო. 

დღევანდელ შეხვედრებზე განხილვის თემა ახალ კონსტიტუციაში შესატანი ორი ახალი ცვლილებაა, რომელიც ბონუსების სისტემასა და 2020 წლისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებას შეეხება.

საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოო დოკუმენტში მაინც ის ჩაწერა, რასაც თავად თვლიდა საჭიროდ და სხვების პოზიცია არ გაიზარა.

,,ძალიან უცნაურია, როდესაც უმრავლესობა აცხადებს, რომ ვენეციის კომისიამ მოიწონა ეს ცვლილებები. მოიწონებდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დავუბრუნდით ძველ მდგომარეობას ყველა ცვლილება, ხუთივე, რაც განხორციელდა იყო ძველ კონსტიტუციაში. ანუ გააფუჭეს კონსტიტუციური ნორმები და უბრუნდებიან უკან და ამის გამო ითხოვენ პატივისცემასა და აღიარებას.

ახლა ჩვენ რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები შევცვალოთ ნაცვლად ხმოსნების  არჩევისა მივიღებთ კვლავ ძველი კონსტიტუციის ნორმას. მიწებთან დაკავშირებული ან ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხი რომ შევცვალოთ, ფაქტობრივად აღმოჩნდება, რომ ძველი კონსტიტუცია გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე მიღებული ახალი. რა არის ამ კონსტიტუციაში ისეთი, რომელიც ჯობია ძველს?-არაფერი,“- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ყველასათვის ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციასთან დაკავშირებით თანამშრომლობას არც ამჯერად გეგმავს. თუმცა კაპანაძე ამბობს, რომ  საპარლამენტო უმცირესობა ვენეციის კომისიის წევრებს იმ პრობლემებზე მაინც ესაუბრება, რომელიც მათ კონსტიტუციის არსებული რედაქციით დატოვების შემთხვევაში 2020 წლის არჩევნებზე შეექმნებათ.

,,არავითარი ილუზია არ გვაქვს, რომ შეიძლება რაიმე შეიცვალოს . ,,ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ არ აპირებს არავისთან თანამშრომლობას. არ აპირებდა და არც მომავალში აპირებენ კონსტიტუციასთან დაკავშირებით თანამშრომლობას. ბუნებრივია ეს არის ჩავლილი მატარებელი სამწუხაროდ, განსაკუთრებით საზოგადოებისათვის. უბრალოდ ჩვენ ამ შესაძლებლობას კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ, რომ ვენეციის კომისიას ავუხსნათ რა მოხდა არასწორად და რა პრობლემები შეიძლება შეგვიქმნას ყველაფერმა ამან 2020 წლის არჩევნებისთვის, “- აცხადებს სერგი კაპანაძე.

დღის ამბები