26 აპრილი 2024,   14:30
ვრცლად
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი - მესამე სექტორს მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

მთავრობის ინიციატივას, რომელიც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ. სამოქალაქო სექტორში ინიციატივასთან დაკავშირებით, შენიშვნები აქვთ. მათი განცხადებით, პრობლემურია ის, რომ სამსახური ფაქტობრივად, უერთდება პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

გარდა ამისა, არასამთავრობოები ითხოვენ, გაფართოვდეს დანაშაულთა წრე, რომლის გამოძიების უფლებამოსილება სახელმწიფო ინსპექტორს ექნება.

მაგალითად, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ინსპექტორი გამოიძიებს სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეების წამების ფაქტებს, მაგრამ საერთოდ ვერ გამოიძიებს ნარკოტიკების ჩადების შემთხვევებს.

„თუკი ეს სამსახური არ გამოიძიებს ესეთ დანაშაულებს, მაგალითად ჩადების დანაშაულს, მაშინ რა აზრი აქვს ამ სამსახურის შექმნას. მეორე შენიშვნა უკავშირდება იმას, რომ თუკი ეს სამსახური გადასცემს შემდეგ საქმეს პროკურატურას, რომლის მიმართაც ნდობა არის ძალიან დაბალი საზოგადოებაში, ზუსტად ასეთი ტიპის გამოძიებებთან მიმართებაში, მაშინ კიდევ ერთხელ, რა აზრი აქვს ამ სამსახურის შექმნას, და მესამე, ის, რომ ეს სამსახური ფაქტიურად, უერთდება პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არის აბსოლუტურად სხვა ტიპის სამსახური,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელის სოფო ვერძეულის განცხადებით, თუკი ახალი ორგანო ისევ პროკურატურას დაექვემდებარება, ამ შემთხვევაში საზოგადოებაში ნდობა ვერ იარსებებს.

„ამდენი წელი, ვფიქრობ იმისთვის არ გვიმუშავია, რომ შეგვექმნა მექანიზმი, რომელიც უბრალოდ საერთაშორისო ვალდებულის შესრულების მიზნით შეიქმნებოდა. ნდობა ვერ იარსებებს, თუკი საზოგადოებას ეცოდინება, რომ ეს ახალი ორგანო კვლავ ექვემდებარება პროკურატურას, მის გარეშე პრაქტიკულად ვერ წარმართავს გამოძიებას და ვიცით, პროკურატურა როგორც მუშაობს. თუ დღეს, პროკურატურა არ აკეთებს, იმას, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა, ჩვენთვის გაუგებარია ხვალ რა შეიცვლება,“ - აცხადებს სოფო ვერძეული.

დღის ამბები