სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ფაქტებს ახალი უწყება გამოიძიებს. დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ოფიციალურად განაცხადა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გაუქმდება და მის ნაცვლად, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნება.
მთავრობამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გამოძიების ფუნქცია მიანიჭა, თუმცა, რეალურად, უწყება ძალოვანებს პასუხისგებაში ვერ მისცემს.
მთავრობის ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ. მესამე სექტორი ფიქრობს, რომ უწყებას მთავრობა ფორმალურად ქმნის.
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქვეყანაში მეორე პროკურატურა არ შეიქმნება. თეა წულუკიანი ახალი უწყებისთვის არც გამოსაძიებელი დანაშაულების წრის გაზრდის მოთხოვნას არ თანხმდება.
საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობას საზოგადოების მოტყუების მცდელობაში ადანაშაულებს. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოშიც“ მიიჩნევენ, რომ სამართალდამცველების მიერ შესაძლო დანაშაულებების გამოძიების პოლიტიკური ნება "ქართულ ოცნებას" არ აქვს.
სახელმწიფო ინსპექტორმა დამტკიცებამდე რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. შესაძლო კანდიდატებს თავდაპირველად სპეციალური კომისია შეარჩევს და მთავრობას წარუდგენს.
თავის მხრივ მთავრობა ორ კანდიდატს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის. საკანონმდებლო ორგანომ კი არჩევანი ფარული კენჭისყრით უნდა გააკეთოს.