27 დეკემბერი 2024,   05:25
ვრცლად
მოწმეებზე ზეწოლის სავარაუდო ფაქტები - პროკურატურა არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, კიდევ ერთ გამოძიებას იწყებს

თბილისის პროკურატურა ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ, კიდევ ერთ ახალ გამოძიებას იწყებს. 

"შაბათის კურიერში" გასული სკანდალური ჩანაწერის შესახებ ზვიად კუპრავა გამომძიებლის შეკითხვებს ოთხი საათის განმავლობაში პასუხობდა. "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს საგამოძიებო უწყებაში ხვალაც დაკითხავენ, თუმცა მოწმის სტატუსით.

სამართალდამცველებმა იმ ბაბუის ვინაობა უნდა დაადგინონ, ვინც ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილეებს სასურველ ჩვენებაში ფულს სთავაზობს. თუმცა ზვიად კუპრავა ამბობს, რომ დღევანდელი გამოკითხვისას გამოძიების სხვა ინტერესი დაინახა.

ჯერჯერობით, უცნობი ბაბუის საქმისადმი არაჯანსაღ ინტერესზე სკანდალურ ჩანაწერში, თავად დაპირისპირების მონაწილე არასრულწლოვნები საუბრობენ. ისინი ჰყვებიან, როგორ და ვისი შუამავლობით სთავაზობს ბაბუა მკვლელობის სხვა მოწმეებს ფულს.

მოზარდების კონფიდენციალობა „შაბათის კურიერში“ სრულად დაცული იყო.

საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ დღეს დაადასტურა, რომ მოწმეებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მათაც აქვთ.

"კურიერის" ინფორმაციით, 51 სკოლის მოსწავლეების მკვლელობის მოწმეებზე ზეწოლის ფაქტების შესწავლა პროკურატურაში გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო. ამის შესახებ ბრალდებულთა ადვოკატებმაც იციან. მათი ინფორმაციით, ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დაკითხვაზეც ჰყავდათ დაბარებული, თუმცა უშედეგოდ.

ადვოკატები პროკურატურას დროულ გამოძიებას სთხოვენ. იურისტებისთვის მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დადგინდეს და დაისაჯოს ის პირი, ვინც საკუთარი შვილიშვილის ბრალეულობის დაფარვის მოტივით სხვა მოწმეებზე ზემოქმედებს.

დღის ამბები