20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
ტატუნაშვილის საქმე - საერთაშორისო საზოგადოება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ხელისუფლებისგან სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას, შეერთებული შტატები ეხმაურება. განცხადება საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ შტატები მოუწოდებს რუს სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც დეფაქტო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე, ამომწურავი ანგარიში მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ.

შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას აღსრულდეს მართლმსაჯულება ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მოკლული საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიებას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ხელისუფლებისგან, როგორც დეფაქტო მმართველი ძალისგან, მოითხოვენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლებიც.

გამჭირვალე გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს ასევე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. იგნასიო სანჩეს ამორი იმედოვნებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სრულად იქნება გამოყენებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების პოტენციალი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებას, გარდაცვლილის ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ გადაცემისკენ მოუწოდებენ.

დამაჯერებელი და გამჭირვალე საგამოძიებო პროცესისთვის დახმარების გაწევისთვის მზადყოფნა გამოთქვეს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისში.

დღის ამბები