კულტურის პალატა კონკურენტებს ვარსკვლავის გახსნის უფლების მოპარვაში ადანაშაულებს, თუმცა, ბრალდებების ადრესატი თავად კულტურის სამინისტროც აღმოჩნდა.
დიდი საკონცერტო დარბაზის წინ 16 მარტს მომღერალ თემურ თათარაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. მომღერლის სოლო კონცერტის შემდეგ ყველა ის ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელსაც კულტურის პალატა ჩაატარებს.
კულტურის პალატას, რომელსაც 2000 წლიდან საპატიო ვარსკვლავის გახსნის ექსკლუზიური უფლება ჰქონდა, ბოლო ორი წელია, კონკურენტი გამოუჩნდა. დავით ოქიტაშვილი, რომელიც კულტურის პალატის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ კონკურენტებმა ვარსკვლავების გახსნის ნებართვა მოიპარეს.
კონკურენტების ამ ქმედების გამო დავით ოქიტაშვილი კულტურის სამინისტროს საყვედურობს. მისთვის გაურკვეველია, რატომ არ რეაგირებს სამინისტრო საინიციატივო ჯგუფის ქმედებაზე, რომელმაც ორი ვარსკვლავი უკვე გახსნა და ახლა მესამისთვის ემზადება.
მინისტრი მიხეილ გიორგაძე კი ვარსკვლავებისთვის დავას დაპირისპირებული ჯგუფების ინტერესით ხსნის და აცხადებს, რომ სამინისტრო ამ ღონისძიებების დაგეგმვაში არ მონაწილეობს.
კურიერი იმ ჯგუფს დაუკავშირდა, რომელიც დავით ოქიტაშვილისა და კულტურის პალატის გვერდის ავლით ვარსკვლავებს ფილარმონიასთან ხსნის. მიუხედავად შეთანხმებისა, მათ ინტერვიუზე უარი განაცხადეს. ე.წ. საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, რევაზ ახრახაძემ, განმარტებების გაკეთება აღარ ისურვა, პირად საუბარში კი განაცხადა, რომ ყველა ვარსკვლავი, რომელიც მათი სახელით გაიხსნა, ოფიციალურია.
კულტურის პალატის 7-ქიმიანი ვარსკვლავი - 3500 ლარი, ე.წ. საინიციატივო ჯგუფის 5-ქიმიანი ჯილდო კი 2500 ლარი ღირს.