26 აპრილი 2024,   21:07
ვრცლად
ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება - ოკუპირებულ ტერიტორიაზე მის გადმოცემას აპროტესტებენ

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოხდება - ეს განცხადება დღეს რუსეთს პატრიარქისგან მიღებული წერილის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა გააკეთა.

პატრიარქი კირილი ილია მეორეს სწერს, რომ გადმოსვენების პროცესში პირად ჩაერთო და ტატუნაშვილს ცხედარს ოჯახს მას შემდეგ გადასცემენ, რაც ექსპერტიზა დასრულდება.

დღეს კი ოკუპირებულ ცხინვალში მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა, სადაც ამბობდნენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს არ უნდა გადასცენ. აქციაზე, ასევე, იმყოფებოდა ე.წ. პარლამენტის წევრი, როზა ვალიევა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოჯახს ცხედარს ცხინვალი მხოლოდ მას შემდეგ გადასცემს, რაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება.

მიტინგის რამდენიმე ათეული მონაწილე დღეს ცხინვალში 2008 წლის რუსული აგრესიის დროს უგზოუკვლოდ დაკარგულთა ცხედრების გადაცემას ითხოვდა.

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, დღეს აცხადებდნენ, რომ მოკლულ სამხედროს ოჯახს კვირის ბოლომდე დაუბრუნებენ.

საქართველოს ჯარისკაცი არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 23 თებერვალს მოკლა. უკვე ორი კვირაა, უცნობია, მისი ცხედრის ზუსტი ადგილსამყოფელი და ისიც, თუ რატომ არ აძლევს მოსკოვი თბილისს საქართველოს მოქალაქის ცხედარს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები