14 ივნისი 2024,   16:41
ვრცლად
გურჯაანის რაიონში საცხოვრებელი სახლი 24 საათის განმავლობაში ორჯერ გაძარცვეს - საქმეში 2 არასრულწლოვანი ფიგურირებს

24 საათში ორჯერ გაძარცული სახლი გურჯაანის რაიონში. სოფელ ჭანდარში თამარ ალიაშვილის სახლიდან 6 ათასი ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი, არასრულწლოვნებმა მოიპარეს.

პირველი ძარცვა ღამის, მეორე კი დღის საათებში იმ დროს მოხდა, როცა ფაქტის შესახებ საპატრულო პოლიცია უკვე ინფორმირებული იყო და იქ საგამოძიებო მოქმედებებიც დაწყებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილი დატოვეს, მძარცველებმა კი, დაწყებული საქმე დაასრულეს და სახლიდან დარჩენილი ავეჯი და ტექნიკა სატვირთო ავტომობილებით, პირდაპირ ალიაშვილების სახლიდან გაყიდეს. საქმეში 2 არასრულწლოვანი ფიგურირებს, თუმცა, ალიაშვილი ეჭვობს, რომ მოზარდები მარტო არ ყოფილან. ალიაშვილმა საკუთარ ავეჯს მეზობელ სოფელში მიაკვლია.

პოლიციამ ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება მალევე შეძლო, თუმცა, საქმეზე ჯერ არვინ დაუკავებიათ. ალიაშვილი არ გამორიცხავს რომ სამართალდამცავ უწყებაში ახალგაზრდებს მფარველები ჰყავთ.

ჭანდარში კიდევ რამდენიმე სახლია გაძარცული. გურჯაანის რაიონში შიშობენ, რომ პოლიცია უმოქმედოა და გამოძიებებს შედეგები არ მოჰყოლია.

ძიებას სისხლის სამართლის კოდექსით 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი, ნინო ვარძელაშვილი 

 

 

 

დღის ამბები