საკონსტიტუციო სასამართლომ IDFI-ს საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა. ამ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვდა მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ 2015 წლის 6 სექტემბერს დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების საქმეზე მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის დასკვნის ასლის გადაცემას.
ორგანიზაციამ სასამართლოსგან უარი ვადების დარღვევით მიიღო. IDFI მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საჯაროობის პრინციპი.
არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ცვლილებები მიიღოს.