22 დეკემბერი 2024,   10:20
ვრცლად
"კვირიკაშვილი უნდა გადადგეს, როგორც სამარცხვინო პრემიერი" - "ენმ-მ" ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი შვილის ცხედარს კვლავ უშედეგოდ ელოდება. სოფელი წილკანი უკვე ორ კვირაზე მეტია, ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი ჯარისკაცის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებულ ცხედარს გლოვობს.

ოჯახთან სამძიმარზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჩავიდნენ. ოპოზიციური პარტია პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს იმ წერილის გამო, რომელიც პრემიერმა გუშინ რუსეთის ხელისუფლებას გაუგზავნა.

„მე მინდა, პირდაპირ ვუთხრა საქართველოს პრემიერმინისტრს, რომ ის უნდა გადადგეს, როგორც საქართველოს სამარცხვინო პრემიერმინისტრი, გადადგეს იმიტომ, რომ თითოეული ქართველი ბატონ გიორგისთან და ქალბატონ რუსუდანთან ერთად არის შეურაცხყოფილი იმ განცხადებით, რომელიც გავრცელდა გუშინ და ეს არის კეკლუცობის და კუდის ქიცინის განცხადება რუსეთის ფედერაციის წინაშე. იმ ფონზე, როდესაც ცხედარს არ გვაძლევენ და ცინიკურ შეფასებებს აკეთებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება და სეპარატისტული ხელისუფლება, ამ ფონზე კვირიკაშვილს არ აქვს უფლება, იყოს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირი,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ზაზა ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ კვირიკაშვილის მიერ რუსეთის მიმართ გაკეთებული შეთავაზება ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას უდრის.

ნიკა რურუას თქმით, პრემიერმა შიშით გამოწვეული განცხადება გააკეთა.

„ამ განცხადებით ის რუსეთს უგზავნის სიგნალს, რომ ასეთი მხეცობით, რომელიც ამ წუთას ჩვენი ოფიცრის, არჩილ ტატუნაშვილის მიმართ არის ჩადენილი, რუსეთს შეუძლია, საქართველოს დათმობები გააკეთებინოს. ეს იყო აბსოლუტურად მოღალატური, ირაციონალური, შიშით გამოწვეული და სულმოკლე განცხადება,“ - განაცხადა ნიკა რურუამ. 

დღის ამბები