გადაუღებელ წვიმას ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა. ქვინსლენდის შტატში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე დასახლება დატბორა.
ზოგიერთ რაიონში ქუჩებში წყლის დონე ერთ მეტრს აღწევს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სტიქიით დაზარალებულ რეგიონში 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია დატბორილი. დაიხურა ცენტრალური მაგისტრალები, შეწყდა სასწავლო პროცესი.
მეტეოროლოგების პროგნოზით, უახლოეს დღეებში წვიმა მოსალოდნელი აღარ არის, თუმცა წყალდიდობის საფრთხე ისევ არსებობს.
რეგიონში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.