22 დეკემბერი 2024,   10:12
ვრცლად
„კურიერის“ ექსკლუზივი - ბორის კაკუბავა 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის დღემდე უთქმელ ფაქტებზე საუბრობს

51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის მოწმეების მოსყიდვაში დადანაშაულებული ბაბუა დუმილს არღვევს. ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა და პოლიტიკოსმა, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობის ბრალდებით გაასამართლეს, კურიერს წერილი გამოუგზავნა.

ორგვერდიან გზავნილში კაკუბავა წერს, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის მოწმეები არ მოუსყიდია და ეს კამპანია დაინტერესებულმა პირებმა აუგორეს.

ბორის კაკუბავას სიძე თენგიზ კალანდია ახლა გლდანის ციხეში სისხლიანი გარჩევის საქმეზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, გამოძიება მას დანაშაულის დაფარვას ედავება. ამავე საქმეზე ბრალი კაკუბავას ორ შვილიშვილს წაუყენეს.

პირველად კურიერის ეთერში კაკუბავა ყვება, თუ რა კონფლიქტი უძღვოდა სისხლიან გარჩევას ხორავას ქუჩაზე. მისი მტკიცებით, კონფლიქტი ბევრად უფრო ადრე დაიწყო, როდესაც მის მეცხრეკლასელ შვილიშვილს უფროსკლასელები სკოლაში ჩაგრავდნენ და მასზე ძალადობდნენ.

კაკუბავა ამტკიცებს, რომ კონფლიქტი სკოლის მოსწავლეებს შორის დიდ ხანს გრძელდებოდა, დაპირისპირების ამბავი კი სკოლის პედაგოგებს, მანდატურებსა და დირექციას გამოეპარათ. ბრალდებულების ბაბუა მომხდარზე პასუხისმგებლობას სკოლას აკისრებს.

ბორის კაკუბავას ამ ინტერვიუს წინ უძღვოდა სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება, სადაც საქმის მოწმეები ყვებიან, რომ ერთ-ერთი ფიგურანტის ბაბუა მათ მოსყიდვას ცდილობს.

ამ ჩანაწერის გასაჯაროებიდან მალევე გაზეთმა ვერსიამ დაწერა, რომ ეს ბაბუა პარლამენტის ყოფილი წევრი ბორის კაკუბავაა. კაკუბავა კი ამბობს, რომ მას ცილს სწამებენ, ორ კვირაში საქართველოში ჩამოვა და მისი უფლებების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს.

 

 

 

 ავტორი: თეა ვაშალომიძე 

დღის ამბები