18 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
თურქი ბიზნესმენის მტკიცებით, ქართველმა პარტნიორებმა სცემეს და თავში ვაზა ჩაარტყეს

თურქი ბიზნესმენი, მერთ ჩალიქუშუ, ამტკიცებს, რომ ქართველმა პარტნიორებმა სცემეს, თავში ვაზა ჩაარტყეს. მას შემდეგ კი, რაც პოლიციას მიმართა, სამართალდამცველებმა მტკიცებულებები გაანადგურეს.

მერთ ჩალიქუშუს თქმით, გასულ წელს კომპანიაში აღმოჩენილი ფინანსური და სხვა სახის ხარვეზების გამო, დამფუძნებლებმა ქართველ პარტნიორთან თანამშრომლობის გაწყვეტა მოინდომეს. 

ბიზნესმენი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას ყოფილი პარტნიორებისგან, კობა ბურნაძის ოჯახისგან აგრესია და მუქარა მოჰყვა. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოფისში სალაპარაკოდ მისულმა ბურნაძის შვილმა და მისმა მეგობრებმა სცემეს.

ბიზნესმენის თქმით, ფიზიკური დაპირისპირება თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოფისში მოხდა. მერთ ჩალიქოშუს აქვს ფოტოები, სადაც ის ვაზაც ჩანს, რომელიც მისივე მტკიცებით, დავით ბურნაძემ თავში ჩაარტყა.

თურქ ბიზნესმენზე ძალადობის ბრალდებით ყოფილი პარტნიორის შვილი, დავით ბურნაძე, ახლა ბრალდებულია. საქმე სასამართლოშია, თუმცა ჩალიქოშუს მიაჩნია, რომ პროცესი ჭიანურდება. ბიზნესმენს პრეტენზიები სამართალდამცველების მიმართაც აქვს. ის ამბობს, რომ მის მიმართ სამმა პირმა იძალადა, თუმცა, პასუხისგებაში მხოლოდ ერთი მისცეს.

სამედიცინო სფეროს ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ამტკიცებს, რომ დამნაშავეებს პოლიცია მფარველობს და ქვეყანაში, სადაც ინვესტორებს ასე ექცევიან, ბიზნესსაქმიანობას ვერ გააგრძელებს.

ჩალიქოშუ ამბობს, რომ პოლიციაში მან პირადად მიიტანა აუდიოჩანაწერი, რომელითაც დავით ბურნაძის და მისი მეგობრების მიერ დანაშაულის ჩადენა მტკიცდებოდა, თუმცა, ახლა ის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტთან ერთად, გამქრალია. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ისინი პოლიციამ დამალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, დაზარალებულს რაიმე ჩანაწერი გამოძიებისთვის არ წარუდგენია.

ბრალდებებს უარყოფს ჩალიქოშიუს ყოფილი პარტნიორი, კობა ბურნაძეც. მას კონტრბრალდებები აქვს მერთ ჩალიქოშუს მიმართ. ბურნაძე ამბობს, რომ ყოფილმა პარტნიორმა ცემის ფაქტი მათი წილის დაუფლების მიზნით მოიგონა.

ურთიერთბრალდებები ფონზე დავით ბურნაძის მიმართ სასამართლო განხილვები გრძელდება.

დღის ამბები