26 აპრილი 2024,   17:59
ვრცლად
51 -ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობა-ჩხუბში მონაწილე მოზარდების ბაბუა დაკითხვაზე იმყოფება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილის ბაბუა, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბორის კაკუბავა დაკითხვაზე იმყოფება. კაკაბუვა "რუსთავი 2"-ისთვის, ტრაბზონში მიცემული ინტერვიუს შემდეგ, სამართალდამცველებს დღეს პირველად მიცემს ჩვენებებს.

მაშინ "კურიერთან" ის მოსწავლეებს შორის არსებულ კონფლიქტზე საუბრობდა. ამბობდა, რომ კონფლიქტი ბევრად უფრო ადრე დაიწყო, როდესაც მის მეცხრეკლასელ შვილიშვილს უფროსკლასელები სკოლაში ჩაგრავდნენ და მასზე ძალადობდნენ. მისი თქმით ეს ყველაფერი მიმდინარეობდა სკოლის საპირფარეშოში და უკავშირდებოდა ფულის გამოძალვას.

კაკუბავა ამტკიცებდა, რომ კონფლიქტი სკოლის მოსწავლეებს შორის დიდხანს გრძელდებოდა, დაპირისპირების ამბავი კი სკოლის პედაგოგებს, მანდატურებსა და დირექციას გამოეპარათ.

მისი განცხადებები კი მიუღებელი აღმოჩნდა ბრალდებული და გარდაცვლილი არასრულწლოვნების მშობლებისთვის.

დღეს ბორის კაკუბავა თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში ისე შევიდა, რომ მას კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია. კაკუბავა სამმართველოში მოიყვანა შვილიშვილმა, რომელიც საქმეში ფიგურირებს მოწმის სტატუსით.  სწორედ მას დაურეკა ბორის კაკუბავას მეცხრეკლასელმა შვილიშვილმა და დახმარება სთხოვა. ბორის კაკუბავას მსგავსად მანაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.   

ბორის კაკუბავას სახელი ამ საქმეს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც "კურიერის" ეთერში გავიდა აუდიოჩანაწერი, სადაც მოზარდები ერთ-ერთი არასრულწლოვნის ბაბუას ადანაშაულებდნენ ფულით მოსყიდვის მცდელობაში. 

დღის ამბები