24 აპრილი 2024,   12:25
ვრცლად
ბიზნესმენის მკვლელობა ბიზნესწილების გამო - არ არის გამორიცხული, საქმეს ოთარ ფარცხალაძის გვარიც უკავშირდებოდეს

68 წლის ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის მკვლელობა ვარკეთილის ბაზრობის ბიზნესწილებს უკავშირდება - ეს არის მთავარი ვერსია, რაზეც, „კურიერის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები მუშაობენ. მოკლულ ბიზნესმენ ნუგზარ კახიძეს 2017 წლიდან დავა მის ყოფილ პარტნიორთან ოთარ პირველთან ჰქონდა.

დავის მიზეზი კი კომპანია „ვარკეთილი 96-ის“ მოგების გადანაწილება იყო. კახიძისა და ბაზრობის სხვა მეწილეების საჩივრის საფუძველზე ფინანსურმა პოლიციამ გამოძიება 2017 წლის იანვარში დაიწყო და ოთარ პირველი დააკავა.

პირველი გარდაცვლილ ნუგზარ კახიძეს ჩვენების შეცვლას დაჟინებით სთხოვდა, მაგრამ კახიძემ არ შეცვალა, რაც დავის მთავარ მტკიცებულება გახდა. სასამართლომ კახიძე დაზარალებულად აღიარა, ოთარ პირველი კი ბრალდებულად ცნო.

კომპანია „ვარკეთილი 96-ის“ მეწილეები მაშინდელ დირექტორს ოთარ პირველს მათი კუთვნილი მოგების მითვისებაში 2015 წლიდან ადანაშაულებდნენ. მათი მტკიცებით, ოთარ პირველს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მფარველობდა.

"კურიერის" ინფორმაციით გამოძიებამ ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმეზე უკვე დაკითხა მისი ბიზნესპარტნიორი ოთარ პირველი. გახმაურებული მკვლელობის საქმეზე პოლიცია ახლა 30 წლამდე მამაკაცს ეძებს.

ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში გუშინ მოკლეს. როგორც ცნობილია, სამართალდამცველებს სავარაუდო მკვლელის ფოტოც აქვთ, რომელიც სათვალთვალო კამერებიდან ამოიღეს და მათთვის დამნაშავის მოქმედების ყველა დეტალია ცნობილი.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები